ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვა.
86 კგ. წონით კატეგორიაში, ვლადიმერ გამყრელიძემ, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, თურქი ოსმან გოჩენი 8:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გახდა.
გამყრელიძემ ამ წონით კატეგორიაში დიდ ტურნირებზე პირველი დიდი მედალი მოიპოვა, აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე - ვერცხლი და ევროპის ჩემპიონატზე 2 ბრინჯაო 79 კილოგრამში ჰქონდა მოპოვებული.
92 კგ. წონით კატეგორიაში, მირიან მაისურაძემ შვეიცარიელ სამუელ შერერს აჯობა და ისიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველი სპორტსმენისთვის ევროპის ჩემპიონატებზე მე-5 ბრინჯაოს მედალია, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი და ბრინჯაო აქვს.
აღნიშნულ 2 ბრინჯაოს მედლამდე, საქართველოს ნაკრებს ასევე 2 ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული - აკაკი ქემერტელიძესა (70 კგ.) და გივი მაჭარაშვილს (97 კგ.).
შედეგად, ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატი გუნდურ მე-2 ადგილზე დაასრულა - აზერბაიჯანი პირველზე გავიდა (152 ქულა), ხოლო მე-3 პოზიცია სომხეთის ნაკრებმა (73 ქულა) დაიკავა.