იურგენ კლოპის ლივერპულიდან თითქმის აღარავინ რჩება.
მო სალაჰის კვალდაკვალ, ენდი რობერტსონმაც ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. ახლა იმ ლეგენდარული გუნდიდან მხოლოდ ალისონი და ვირჯილ ვან დაიკი დარჩნენ.
რობერტსონმა გულშემატკივრებს ემოციური წერილით მიმართა:
„ამ კლუბთან და ფანებთან დამშვიდობება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ იქნება, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. მაისამდე ჯერ კიდევ არის დრო, მანამდე კი თითოეულ მატჩში ბოლომდე დავიხარჯები. YNWA ❤️“
საუკუნის ტრანსფერი: 8 მილიონიდან ლეგენდამდე
2017 წელს რობერტსონი გავარდნილი ჰალ სიტიდან სულ რაღაც 8 მილიონ ფუნტად იყიდეს. დღეს ეს გარიგება საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ტრანსფერად ითვლება. ენდი გახდა კლოპის მანქანის შეუცვლელი ნაწილი:
373 მატჩი, 13 გოლი და 69 საგოლე გადაცემა.
მოგებული პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.
2025 წლის ზაფხულიდან გუნდის ვიცე-კაპიტანი.
32 წლის შოტლანდიელი კარიერას, სავარაუდოდ, მილანში გააგრძელებს. Calciomercato-ს ინფორმაციით, იტალიური გრანდი მისით სერიოზულადაა დაინტერესებული.
ეპოქის დასასრული: ვინ დარჩა კლოპის გუნდიდან?
ლივერპულის ლეგენდარული ბირთვიდან მხოლოდ ორი ვარსკვლავი რჩება, თუმცა მათი მომავალიც ბუნდოვანია:
ალისონ ბეკერი: La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი მეკარე შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს. ტურინელები მასში მიკელე დი გრეგორიოს შემცვლელს ხედავენ და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ვირჯილ ვან დაიკი: კაპიტანს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა ჯეიმი კარაგერი მას უკვე აკრიტიკებს: „ვხედავთ, რომ ვან დაიკი და სალაჰი ისეთები აღარ არიან, როგორებიც იყვნენ. ისინი ლეგენდები არიან, მაგრამ ასაკი თავისას შვება“.
თუ ალისონიც წავა, კლოპის ეპოქის მთავარი ვეტერანი 28 წლის ჯო გომესი გახდება.