Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ქვილითაია კარიერას ლიგა 1-ში, მეცში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, კონტრაქტი სეზონის ბოლომდე, ერთწლიანი გახანგრძლივების უფლებით გაფორმდება.
ქართველი თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს. ფეხბურთელი აგენტებთან, ირაკლი ლილუაშვილთან და ლაშა ოდილაძესთან ერთად უკვე საფრანგეთში იმყოფება.
ეს ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ მეცში უკვე ერთდროულად 3 ქართველი ითამაშებს: გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია.
ქვილითაია ბოლოს კვიპროსის ჩემპიონატში, ლიმასოლის არისში თამაშობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
მეცი ლიგა 1-ში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილზეა.