ბრენტფორდმა გუნდის სტანდარტული მდგომარეობების მწვრთნელი კიტ ენდრიუსი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დააწინაურა. ინგლისური საფეხბურთო კლუბი იმედოვნებს, რომ ირლანდიელის სახით შემდგომში ძვირადღირებული სპეციალისტი აღმოაჩინა.
ბრენტფორდში გუნდის შტაბიდან დაწინაურება ადრეც მომხდარა, რაც ამ კლუბს შესანიშნავად გამოუვიდა - თომას ფრენკი დინ სმიტის თანაშემწე იყო, 2018 წელს კი მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, რაც მანამდე არასოდეს ჰქონია.
„ფუტკრების“ ფანები კიტ ენდრიუსს სტანდარტული სიტუაციების გურუდ იცნობენ. თავად განსაჯეთ: გუნდში ენდრიუსის ამ პოზიციაზე მოსვლის შემდეგ ბრენტფორდი პრემიერ ლიგაში მე-3 გუნდი გახდა სტანდარტული მდგომარეობებიდან გატანილი გოლების მაჩვენებლით.
44 წლის კიტ ენდრიუსს ლიდერული თვისებებით გამოარჩევენ. ფეხბურთელობისას საიმედო ნახევარმცველის ხასიათი კარგი წინაპირობაა მისი მენეჯერული კარიერისთვის.
1999 წელს, 21 წლის ასაკში, კიტ ენდრიუსი ვულვერჰემპტონ უონდერერსის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა, რაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მომხდარა.
2007-08 წლების სეზონში მილტონ კინზ დონსის კაპიტნის რანგში, გუნდთან ერთად ინგლისის ლიგა ერთშიც აღზევდა და საფეხბურთო ლიგის (EFL) ტროფეიც მოიგო. უფრო მეტიც, ენდრიუსმა ამ უკანასკნელის ფინალში გრიმბსი ტაუნთან ანგარიშიც გახსნა. 2014-15 წლების სეზონში კი მისი გუნდი ჩემპიონშიპშიც ავიდა, რის მერეც ენდრიუსმა მოთამაშის კარიერა დაასრულა და მილტონ კინზ დონსის მწვრთნელის ასისტენტი გახდა.
ინგლისის ქვედა ლიგებში წარმატებული თამაშის პარალელურად, კიტ ენდრიუსს ირლანდიის ნაკრებშიც იძახებდნენ. ეროვნულ გუნდში მან 35 მატჩი გამართა, მათ შორის - ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა. იმავე წელს ენდრიუსი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

MK Dons-ში თანაშემწედ გატარებული ერთი წლის შემდეგ ენდრიუსი სტივენ კენის ასისტენტი ჯერ ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებში გახდა, მერე კი - მთავარ გუნდში, რა თანამდებობაზეც იგი 2020-2023 წლებში იყო.
ამის შემდეგ იმუშავა ქრის უაილდერის თანაშემწედ შეფილდ იუნაიტედში (2023-24), ბრენტფორდში მისვლამდე.
„კიტი მკაცრია, მოედნის გარეთ კი შესანიშნავი ადამიანია, ხუმრობის დიდი მოყვარული და კარგი ტიპი, მოედანზე კი ხმამაღალია, თამაშისას სულ მისი ხმა ისმის.“, - თქვა ბრენტფორდის მცველმა ნათან კოლინზმა მარტში, მას შემდეგ, რაც ენდრიუსს მიაწერეს „ფუტკრების“ მიერ ბორნმუთის ე.წ. მეორე სართულის სისუსტეების კარგად გამოყენება.
ამრიგად, პრემიერ ლიგის ისტორიაში რიგით მეცხრე ირლანდიელი მწვრთნელის პროექტს ბევრი იმედიანად შესცქერის, ამავდროულად კი კიტ ენდრიუსისთვის ეს ყველაფერი უდიდესი პასუხისმგებლობაა - მთავარი მწვრთნელის კარიერას ის ხომ პირდაპირ პრემიერ ლიგაში იწყებს.
