მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ირლანდიასთან მატჩში გააძევეს, ის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის გახსნით თამაშში მონაწილეობას შეძლებს.
2:0 წაგებულ საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ამ თვეში გაიმართა, 40 წლის რონალდუ დარა ო'შის ზურგში იდაყვის ჩარტყმისთვის გააძევეს. ასეთი ქმედება ჩვეულებრივ სამმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს, თუმცა რონალდუს მეორე და მესამე მატჩები ერთწლიანი პირობით შეაფერხეს.
BBC Sport-ის ინფორმაციით, გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ ეს მისი პირველი წითელი ბარათი იყო 226 სანაკრებო შეხვედრაში. რონალდუმ უკვე გამოტოვა სომხეთთან 16 ნოემბრის მატჩი, ამიტომ იგი ზაფხულში, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებს აღარ დააკლდება.
ფიფას განცხადებაში ნათქვამია: „თუ კრიშტიანუ რონალდუ პირობითი ვადის განმავლობაში მსგავსი სიმძიმის კიდევ ერთ დარღვევას ჩაიდენს, დისციპლინარული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დისკვალიფიკაცია ავტომატურად ამოქმედდება და მან დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს დარჩენილი ორი მატჩი.“
რონალდუმ შესარჩევ ეტაპზე ხუთი გოლი გაიტანა და პორტუგალიამ F ჯგუფი მოიგო, რითაც ზედიზედ მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. 48-ვე გუნდი 5 დეკემბერს, წილისყრის შედეგად გაიგებს, თუ რომელ ჯგუფში მოხვდება.