დღეიდან, 17-წლამდე მოკრივეთა შორის, საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.
შარშან, ამ ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს, მათ შორის სამი - რატი ხარბედია, ავთანდილ მდინარაძე და ჰასან აკპინარი წელსაც 17-წლამდელთა შორის ასპარეზობენ.
გორში, რინგზე, ევროპის ჩემპიონებთან - ელენე ქარჩავასთან, დავით ალიხანაშვილთან და დავით ახვლედიანთან ერთად, პრიზიორებს - ლიზა ლობჟანიძეს, ალექსი გუნიას, გიგი არჩაიას, თორნიკე სიმონიშვილს, საბა კერძევაძესა და ჯონი ხაბურზანიას ვიხილავთ.
მათ გარდა, ტურნირზე სხვადასხვა წლებში საერთაშორისო პირველობების არაერთი ჩემპიონ-პრიზიორი და საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონიდან გამორჩეული მოკრივეები იასპარეზებენ.
საქართველოს ჩემპიონატი დღეიდან 5 აპრილამდე, გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება. პირდაპირი რეპორტაჟები GMS TV-ზეა.
ფოტო: კრივის ეროვნული ფედერაცია