საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში მცირედი პროგრესი განიცადა.
განახლებული რეიტინგის მიხედვით, ჩვენს ნაკრებს 1350.18 ქულა აქვს და 72-ე პოზიციაზე იმყოფება - ერთი წინ, ვიდრე განახლებამდე.
71-ე პოზიციას იამაიკის ნაკრები იკავებს - 1358.0 ქულით. საქართველოს შემდეგ ფინეთი (1346.41 ქულა), განა (1346.31) და ისლანდია (1345.07 ქულა) მოდიან.
რაც შეეხება ერთა ლიგაზე ჩვენს მომავალ მეტოქეებს, ჩრდილოეთ ირლანდია 70-ეა (1362.16 ქულა), უნგრეთი - 42-ე (1500.58), ხოლო უკრაინა - 32-ე (1546.88 ქულა).
რეიტინგის ლიდერი საფრანგეთია (1877.32 ქულა), რომელიც 2 პოზიციით დაწინაურდა - შესაბამისად, მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა (1876.4 ქულა) და მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა არგენტინამ (1874.81 ქულა) თითო-თითო საფეხურით ქვემოთ ჩაიწიეს.
ხუთეულში ადგილი დაკარგა და პორტუგალიას დაუთმო ბრაზილიამ, ხოლო ინგლისის ეროვნული გუნდი ისევ მე-4 პოზიციაზეა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს, 2 ივნისს, თბილისში, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს.
ფოტო: NAKREBI.GE