იოჰან კრუიფის საფეხბურთო სული თანამედროვე ფეხბურთში კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით კი ბარსელონაში - ამას ადასტურებს ბრიტანელი რეჟისორი სემ ბლერი, რომელმაც ლეგენდარულ ნიდერლანდელზე დოკუმენტური სერიალი გადაიღო.
იოჰან კრუიფი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება, რომელმაც კვალი როგორც მოედანზე, ისე სამწვრთნელო სკამზე დატოვა. რეჟისორის თქმით, დღეს ამ სტილის საუკეთესო გამგრძელებელი პეპ გვარდიოლაა, რომელსაც იგი კრუიფის ნომერ პირველ მოწაფედ მოიხსენიებს.
ბლერი მიიჩნევს, რომ მოედანზე ამ მემკვიდრეობას ბარსელონას ახალგაზრდა ტალანტები, ლამინ იამალი და პედრი აცოცხლებენ. მათ აქვთ სწრაფი აზროვნება, დახვეწილი ტექნიკა და თამაშის ბუნებრივი კითხვა, რაც კრუიფის სტილის საფუძველია. რეჟისორმა ასევე ხაზი გაუსვა ჩავი ერნანდესის როლს ამ იდეების კლუბში შენარჩუნებასა და გადაცემაში.
სტატიაში მოყვანილია სემ ბლერის ყველა საინტერესო ციტატა:
„თუ გსურთ იხილოთ კრუიფი, მისი სული და მისი იდეები დღეს ცოცხლად, პირველ რიგში გვარდიოლას უნდა შეხედოთ.“
„ის, თუ როგორ მოძრაობს ლამინ იამალი ბურთთან ერთად, ძალიან ჰგავს კრუიფს; იგი პასებს ტერფის გარეთა ნაწილით აკეთებს და აქვს ის სისწრაფე და აღქმის უნარი, რაც მასში ძალიან ბუნებრივად დევს.“
„პედრი არის ძალიან ტექნიკური და ინტელექტუალური, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ძალიან მსუბუქად მოძრაობს.“
დოკუმენტური სერიალი, რომელიც ოთხი ეპიზოდისგან შედგება, მოიცავს აქამდე გამოუქვეყნებელ მასალებსაც, მათ შორის აუდიოჩანაწერებს კრუიფის სიცოცხლის ბოლო დღეებიდან. პროდუქციის მიზანია აჩვენოს, რომ კრუიფიზმი არა მხოლოდ ისტორია, არამედ ცოცხალი ფილოსოფიაა, რომელიც ახალ თაობებთან ერთად ვითარდება.