რობერტ ლევანდოვსკიმ ბარსელონაში ასპარეზობისას საკუთარ რეკორდებს გადაასწრო და გერმანული პერიოდის მაჩვენებლები გააუმჯობესა.
37 წლის პოლონელმა ფორვარდმა ხეტაფესთან მატჩში კატალონიური კლუბის მაისურით 188-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც დორტმუნდის ბორუსიაში გატარებულ პერიოდს გადაასწრო. თუმცა, მთავარი სიურპრიზი გოლების რაოდენობა აღმოჩნდა: მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკი კარიერის ბოლო პერიოდშია, ბარსელონაში მისი ეფექტურობა იმაზე მაღალია, ვიდრე ეს დორტმუნდში ყოფნისას იყო.
Mundo Deportivo-ს მონაცემებით, ლევანდოვსკიმ ბარსელონაში 118 გოლის გატანა შეძლო (საშუალოდ 0.62 გოლი მატჩში), მაშინ როცა დორტმუნდის ბორუსიის რიგებში მისი მონაგარი 103 გოლით შემოიფარგლებოდა. ერთადერთი მიუღწეველი მწვერვალი მიუნხენის ბაიერნია, სადაც პოლონელმა 375 მატჩში 344 გოლი მიითვალა.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მიუხედავად ასეთი შედეგიანობისა, მისი მომავალი კვლავ ბურუსითაა მოცული. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა კატალონიაში, ჯერ არ მიუღია.