კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გამართულ საღამოზე (Golden Week of Football Tbilisi), რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მხარდაჭერას მიეძღვნა, ქართველმა ვარსკვლავმა შეკრებილ საზოგადოებასა და გულშემატკივრებს ემოციური სიტყვით მიმართა.
ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც თბილისს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ცნობილი მწვრთნელები და ყოფილი ფეხბურთელები ეწვივნენ, უამრავი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
თბილისში ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერი საღამო გაიმართა
ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა განვლილ რთულ გზას, ქართველი გულშემატკივრის უდიდეს თანადგომასა და იმ სიამაყეს, რასაც საქართველოს სახელით ასპარეზობა ანიჭებს:
უპირველესად, მინდა, მადლობით დავიწყო. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერს. ამ თანადგომას ძალიან კარგად ვგრძნობ და უდიდესი სიამაყით ვივსები, რომ თქვენნაირი გულშემატკივრები მყავს. ახლა დარბაზში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ეს გზა მარტივი გასავლელი არ ყოფილა, თუმცა, თქვენი თანადგომით, ყოველთვის ვიცოდი, რა იყო ჩემი მიზანი და სად უნდა მივსულიყავი. რა თქმა უნდა, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა, მაგრამ ამაყი ვარ, რომ ამდენს მივაღწიე. იყო წარუმატებლობებიც, რამაც შემდეგ წარმატება განაპირობა.
მადლობა ღმერთს, რადგან მომცა ძალა, რაც არ უნდა ძირს დავცემულიყავი, მაინც წამოვმდგარიყავი და მებრძოლა ჩემი ოცნებებისთვის. რამდენიმე უკვე ავიხდინე. კიდევ ბევრი ოცნება მაქვს და იმედია, თქვენი, ქართველი გულშემატკივრების თანადგომითა და მხარდაჭერით ამასაც შევძლებ. უდიდესი სიამაყით ვივსები, რომ ამ პატარა ქვეყნიდან ვარ და კიდევ ერთხელ მადლობა.