18 ოქტომბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მასშტაბური ღონისძიება - Golden Week of Football Tbilisi ჩატარდა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას ეძღვნება.
ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში პირველი წარმომადგენელია საქართველოდან, რომელიც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთის ნომინანტთა შორისაა და გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დედაქალაქს ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფრანჩესკო ტოტი ეწვია.
იტალიელ ვარსკვლავთან ერთად, თბილისში ჩამოვიდნენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ცნობილი მწვრთნელები და ყოფილი ფეხბურთელები, რომლებიც პანელური დისკუსიის ფორმატში თეატრის სცენიდან ისაუბრებენ.
საღამოზე ხვიჩა კვარაცხელიას პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ.
მან აღნიშნა, რომ მრავალწლიანი პაუზისა და დიდი წარმატების მიუხედავად, ხვიჩა ისეთივე უბრალო ადამიანად დარჩა, როგორიც ბავშვობაში იყო, რაც მის მთავარ ღირსებას წარმოადგენს.