ისტორიული შედეგი დაფიქსირდა - სარბიელის ტრადიციულ გამოკითხვაში 2025/2026 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.
ქართველი სპორტული ჟურნალისტებისთვის დაგზავნილ 72-ივე ანკეტაში პირველ ნომრად სწორედ ხვიჩა კვარაცხელია ეწერა. გამოკითხვის ისტორიაში მსგავსი ფაქტი ჯერ არ მომხდარა.
პსჟ-ისა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა სარბიელის ეს ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიპოვა, რითაც კახა კალაძის რეკორდი გაიმეორა და უკან ჩამოიტოვა სამგზის ლაურეატი შოთა არველაძე.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ნომინანტთა შორის დასახელებული რვავე ფეხბურთელი ლეგიონერი იყო.
რაც შეეხება წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციას, აქ დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ავსტრიული შტურმის წევრმა გიზო მამაგეიშვილმა ნიდერლანდური ექსელსიორის მოთამაშეს, ირაკლი ეგოიანს მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით (30:29) აჯობა.