პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, მე-12 ტურში პარიზელებმა საკუთარ მოედანზე ლორიანი 2:0 დაამარცხეს. ანგარიში 32-ე წუთზე სენი მაიულუმ გახსნა, საბოლოო წერტილი კი 67-ე წუთზე უსმან დემბელემ დასვა.
მატჩის მთავარი ტაქტიკური სიახლე დემბელეს პოზიცია იყო. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ცენტრფორვარდად მოთამაშე ფრანგი ამჯერად მარჯვენა ფლანგზე დაბრუნდა. შეხვედრის შემდეგ ლუის ენრიკემ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მეტოქის მჭიდრო დაცვამ განაპირობა:
ლორიანი ცენტრში ძალიან კარგად იცავს თავს, ამიტომ სივრცეები ძირითადად ფლანგებზე იყო. დემბელე ცენტრში რომ დამეყენებინა, ბურთს უბრალოდ ვერ მიიღებდა. ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და კარგად ხედავს სივრცეებს. უნდა გავიგოთ, რომ ფლანგებზე ჩვენი შეჩერება ძალიან რთულია
ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს ტაქტიკური ცვლილება გარემოებებითაა გამოწვეული და გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმებს უკავშირდება. მათ არყოფნაში ფლანგებზე ძირითადი დატვირთვა სწორედ დემბელესა და მიკა გოდტსზე მოდის.
მიუხედავად დამაჯერებელი მოგებისა, ენრიკე მატჩის ბოლო 10 წუთით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მისმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია დაკარგეს და ინდივიდუალური შეცდომები დაუშვეს.