ავტორიტეტული ევროპული გამოცემის, Goal.com-ის ვრცელ სტატიაში გიორგი კვერნაძის ფროზინონეში გავლილ გზაზე, მის პროგრესსა და იტალიური გრანდების მზარდ ინტერესზეა საუბარი.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ კვერნაძის წარმატება მყისიერი არ ყოფილა. 2023 წლის ზაფხულში, როდესაც ის კოლხეთი 1913-დან იჯარით გადავიდა, პირველი სეზონი რთული გამოდგა და ფეხბურთელმა მოედანზე მცირე დრო გაატარა.
მიუხედავად ამისა, Goal წერს:
ფროზინონემ კვერნაძე მაინც გამოისყიდა. კლუბმა კვერნაძის პოტენციალი დაინახა და სერია B-ში მიეცა შესაძლებლობა, აუჩქარებლად განევითარებინა იგი.ის თანდათანობით ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ იქცა, თუმცა ნამდვილი გარდატეხა ფროზინონეს მთავარ მწვრთნელად პაოლო ბიანკოს დანიშვნას დაემთხვა. 4-3-3 სქემაზე გადასვლამ შემტევი თამაშის აქცენტი ფლანგებზე და, შესაბამისად, კვერნაძეზე გადაიტანა.
სტატიაში ასევე ყურადღებაა გამახვილებული ხვიჩა კვარაცხელიასთან შესაძლო შედარებაზე. თავად კვერნაძე ამბობს:
ხშირად მეუბნებიან, რომ პატარა კვარაცხელიას ვგავარ. ეს შედარება მაღიმებს, ძალიან მახარებს, თუმცა, ამავდროულად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ყოველთვის რაღაც მეტი უნდა გავაკეთო.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ ჯენოასთან გატანილი გოლის შემდეგ ქართველი თანაგუნდელი სოციალურ ქსელშიც გამოარჩია.
მედიის ცნობით, ბრწყინვალე სტარტისა (6 მატჩი, 5 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) და წარმატებული დრიბლინგების გამო, კვერნაძის კვალზე უკვე იტალიური გრანდები გავიდნენ. ნაპოლიმ და რომამ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და შესაძლოა, მისი ტრანსფერი უკვე უახლოეს იანვარშივე აქტიურად განიხილონ, თუმცა ამჟამად ფროზინონე სერია ა-ში ადგილის შესანარჩუნებლად სწორედ თავის ქართველ მარგალიტზე დიდ იმედებს ამყარებს.