საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი სოლიდური მატჩი ჩაატარა. მისი ტრაბზონსპორი პეტკიმ სპორთან შინ დამარცხდა - 84:90.
რიდი ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ და 34:48 წუთში - 30 ქულა, 3 მოხსნა, 5 ასისტი ჩაიწერა აქტივში. მასთან ყველაზე ახლოს პეტკიმელთა ამერიკელი ლეგიონერი, დევიდ ეფიანაი იყო - 24 ქულა, 1 მოხსნა, 5 ასისტი.
ზოგადად, მარკისი ტრაბზონელთა ლიდერია და, მაგალითად, სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ ტურში ასეთი სტატისტიკა აქვს: ქარშიაქასთან - 24 ქულა; მანისასთან - 34 ქულა; ბეშიქთაშთან - 17 ქულა; ბაშჯეშეჰირთან - 14 ქულა; ტოფასთან - 22 ქულა; პეტკიმ სპორთან - 30 ქულა.
სუპერ ლიგის 26 ტურის შემდეგ, ტრაბზონსპორს 17 მოგება აქვს, მე-4 ადგილზეა და სამეულს ისევ 2 გამარჯვებით ჩამორჩება.
ნატურალიზებული ქართველის გუნდი მომდევნო ტურში, 19 აპრილს, ჩემპიონობისთვის მებრძოლ და ევროლიგის მოქმედ გამარჯვებულ ფენერბაჰჩეს ესტუმრება.