VIDEO: მარცხი ულიდერებო ბოსტონთან - გოგას ორლანდო პლეი-ინში ითამაშებს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი-ინში თამაში მოუწევს.
რეგულარულის ბოლო მატჩში, ფლორიდელებმა სტუმრად ითამაშეს 8-კაციანი განაცხადის მქონე ბოსტონთან, რომელსაც ლიდერთა თითქმის მთელი შემადგენლობა აკლდა, თუმცა მაინც დამარცხდნენ - 108:113.
გამორჩეული იყო ბეილორ შაიერმანი, რომელმაც 30 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი მიითვალა, ლუკა გარზას ორმაგი დუბლი ჰქონდა - 27 ქულა, 12 მოხსნა, 1 ასისტი, ხოლო რონალდ ჰარპერმა კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - 27 ქულა, 7 მოხსნა, 4 ასისტი. ორლანდოელებს კი პაოლო ბანკეროს მორიგმა სამმაგმა დუბლმა არ უშველათ - 23 ქულა, 10 მოხსნა, 11 ასისტი.
რაც შეეხება გოგას, მან 16:22 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
ზედიზედ 5 გამარჯვებისა და ბოლო შეხვედრაში მარცხის შედეგად, მეჯიქმა რეგულარული 45 გამარჯვებით დაასრულა, საუკეთესო ექვსეულს 1 მოგებით ჩამორჩა და მე-8 პოზიციაზე გავიდა, რის გამოც პლეი-ინში თამაში მოუწევს, თანაც არც საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.
გოგას გუნდი პლეი-ინში შეხვდება ფილადელფიას, რომელიც რეგულარულში მასზე 1 ადგილით მაღლა მოკალათდა. მიმდინარე სეზონის 3 ურთიერთშეხვედრიდან 2 ფილადელფიელთა გამარჯვებით დამთავრდა.
თუ მეჯიქი ფილადელფიას მოუგებს, 1/8 ფინალში ბოსტონს შეხვდება, თუმცა თუ დამარცხდა, მაიამი ჰიტსა და შარლოტ ჰორნეთსის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება და კონფერენციის საუკეთესო გუნდ დეტროიტ პისტონსზე გასასვლელ ბილეთს გაითამაშებს.
ფილადელფიასა და ორლანდოს სერიის პირველი მატჩი 16 აპრილის 03:30 საათზე, ფილადელფიაში ჩატარდება.