საქართველოს წყალბურთის ნაკრები, მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-2 დივიზიონის ფინალში, დღეს მონტენეგროს ნაკრებს შეხვდება.
ჩვენმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, 1/8 ფინალში თურქეთს 7-ბურთიანი სხვაობით მოუგო, 1/4 ფინალში უკრაინას 11 ბურთით აჯობა, ხოლო 1/2 ფინალში გერმანიასთან გამარჯვებით, მსოფლიო თასის სუპერ ფინალში ასპარეზობის უფლება უკვე მოიპოვა.
რაც შეეხება მონტენეგროს უძლიერეს ნაკრებს, მათ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგეს (ყაზახეთთან - 27:6; არგენტინასთან - 21:5; დიდ ბრიტანეთთან - 34:4) და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდნენ. 1/8 ფინალში - მალტას (23:6), 1/4 ფინალში - რუმინეთს (14:8), ხოლო 1/2 ფინალში საფრანგეთს (15:11) აჯობეს.
საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებთა ფინალური შეხვედრა 21:30 საათიდან დაიწყება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 23-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის (საქართველო, მონტენეგრო) გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს - ხორვატიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიისა და ესპანეთის.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია