ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გამოცემა De Telegraaf-თან ინტერვიუში კლუბის ამბიციებსა და ლამინ იამალის ტალანტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბარსელონას მიზანი ყველა ტურნირზე ბოლომდე ბრძოლაა, თუმცა წარმატება მხოლოდ თასებით არ იზომება - კლუბისთვის ლამაზ, შემტევ ფეხბურთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ლაპორტა იოჰან კრუიფის, ლეო მესისა და ლამინ იამალის გარდაუვალ შედარებასაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, კრუიფმა და მესიმ ფეხბურთის ისტორია შეცვალეს, ახლა კი დროა, იამალმა საკუთარი ეპოქა შექმნას.
"ის ნამდვილი გენიოსია. იამალს აქვს გამორჩეული ტექნიკა და სისწრაფე, თუმცა ყველაზე მეტად ის თავისი ასაკისთვის დაუჯერებელი სიმწიფითა და თამაშის აღქმით გამოირჩევა," - აღნიშნა ლაპორტამ და დაამატა, რომ კლუბის მთავარი ვალდებულება ახალგაზრდა ვარსკვლავის დაცვა და მისი პოტენციალის სრულად გამოსავლენად სათანადო გარემოს შექმნაა.