ფლორენტინო პერესმა ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაცემული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირების შესრულება დაიწყო.
მადრიდის რეალის მენეჯმენტი კლუბის ოფიციალურ წევრებს (სოსიოებს) უკვე უკავშირდება, რათა მათ ექსკლუზიური, სამახსოვრო მაისურები სრულიად უფასოდ გადასცეს.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, თითოეული წევრი, ასაკის მიუხედავად, მიიღებს უნიკალურ მაისურს, რომელსაც სახელად La Socia დაერქმევა. ეს ფორმა არასდროს გაიყიდება ჩვეულებრივ მაღაზიებში და მასზე დატანილი იქნება სპეციალური ემბლემა, რომელიც მხოლოდ კლუბის რეგისტრირებული წევრებისთვისაა შექმნილი. პერესის დაპირების თანახმად, მსგავსი ექსკლუზიური დიზაინის მაისურს ფანები ყოველ წელს მიიღებენ.
საჩუქრის მისაღებად, წევრებმა 2026 წლის 30 დეკემბრამდე სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე განაცხადი უნდა შეავსონ, სადაც ზომასა და კატეგორიას (ბავშვი/ზრდასრული) მიუთითებენ. კლუბი გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ პირდაპირი კომუნიკაციისთვის და საჩუქრის მისაღებად პირადი მონაცემების განახლება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ ფორმა დარჩენილი მარაგებიდან გაეგზავნებათ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს საჩუქარი არ არის მადრიდის რეალის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორმა, რომელზეც Adidas მუშაობს. გაჟონილი ინფორმაციით, საიუბილეო მაისური გაყიდვაში 2027 წლის დასაწყისში, სამეფო კლუბის დაარსების თარიღამდე (6 მარტი) გამოვა.
ამ ჟესტით პერესმა 100 000-ზე მეტ წევრს პატივისცემა დაუდასტურა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას 3 ქულით ჩამორჩება.