კატალონიური ბარსელონა 2027 წლის ზაფხულისთვის ორმაგი დატვირთვით ემზადება - კლუბი სრულად ფოკუსირებულია როგორც სპორტულ, ისე ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე.
ესპანური მედიის ცნობით, 2-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდი პრესეზონს კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი დასავლეთ სანაპიროზე გაატარებს. რადგან 2027 წელს არც მსოფლიო და არც ევროპის ჩემპიონატი ტარდება, ჰანსი ფლიკს უნიკალური შანსი ეძლევა, სრული შემადგენლობით თავიდანვე ივარჯიშოს.
ამას პარალელურად, კლუბმა კამპ ნოუს რეკონსტრუქციის დასასრულებლად უმნიშვნელოვანესი ფინანსური ნაბიჯი გადადგა და 300 მილიონი ევროს ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. როგორც ფინანსურ საკითხებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ფერან ოლივემ განაცხადა, სამუშაოების 80% უკვე დასრულებულია. ახალი დაფინანსება, რომელზეც Goldman Sachs-მა იზრუნა, უშუალოდ სტადიონის დასრულებას მოხმარდება და იგი კლუბის წევრებს დამატებით ტვირთად არ დააწვება, რადგან ხარჯები არენის მიერ მომავალში გამომუშავებული თანხებით დაიფარება.
განახლებული სპოტიფაი კამპ ნოუ 104 600 მაყურებელს დაიტევს და ევროპის უდიდესი საფეხბურთო არენა გახდება. მასშტაბურად გაფართოვდება VIP ზონაც, სადაც სტუმრებისთვის 9 500 ადგილი და დამატებითი პრივატული ლოჟები გამოიყოფა.
მშენებლობის სრულად დასრულება 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება (სახურავის მონტაჟი 2027 წელს მოხდება). ბარსელონას ხელმძღვანელობის ამბიციები კი საკმაოდ დიდია, კლუბი მიზნად ისახავს, რომ განახლებულმა არენამ 2029 წელს კაცთა, 2031-ში კი ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალებს უმასპინძლოს. გარდა ამისა, სტადიონი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.