ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ნეგრეირას საქმის ფონზე, მადრიდის რეალთან ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„მადრიდში ძალაუფლება იგრძნობა, ბარსაში კი — თავისუფლება. ფლორენტინო პერესთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
ისინი ცდილობენ, ნეგრეირას საქმე საღეჭი რეზინივით გაწელონ. მათ ქრონიკული ბარსელონიტი აქვთ, მთელი დღეები ნეგრეირაზე ლაპარაკობენ.
ძალიან კარგად ავხსენით და ყველანაირი მტკიცებულება წარვადგინეთ იმის, თუ რისი ჩარიცხვები იყო. ვერავინ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომ არბიტრებს ვყიდულობდით, იმიტომ რომ მსგავს არაფერს ადგილი არ ჰქონია." - აღნიშნა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონას და მის ხელმძღვანელობას ესპანეთის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას ანგარიშზე მილიონობით ევროს ჩარიცხვა წარედგინა ბრალად, რომელიც კლუბმა სხვადასხვა წლებში განახორციელა. ოფიციალური ვერსიით, კლუბი ნეგრეირას ფულს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ინფორმაციის მოწოდებაში უხდიდა.
თავად ლაპორტა სასამართლოს წინაშე 12 დეკემბერს წარსდგა. იმავე დღეს მისცეს ჩვენებები ბარსას ყოფილმა მწვრთნელებმა: ლუის ენრიკემ (პსჟ) და ერნესტო ვალვერდემ (ბილბაო), რომლებმაც აღნიშნეს, რომ კლუბის მწვრთნელობისას ნეგრეირას შესახებ არაფერი იცოდნენ.
სასამართლოში ლაპორტას შეკითხვებს მათ შორის რეალის წარმომადგენელიც უსვამდა, რომელიც კერძო ბრალდებულის როლში იყო წარმოდგენილი.