MLS-ის კლუბთან მოლაპარაკებების მიუხედავად, რობერტ ლევანდოვსკის ბარსელონაში დარჩენის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
პოლონელ ლეგენდარულ ფორვარდს ბარსასთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისში ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები გახანგრძლივებაზე არ შეთანხმებულან.
Cadena SER-ის ინფორმაციით, კლუბი პოლონელისთვის ამჟამინდელი პირობებით ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არც აპირებს. დღეის მდგომარეობით, ფეხბურთელის ხელფასი, გადასახადების გადახდამდე 26 მილიონ ევროს შეადგენს.
თუმცა, წყარო ხაზს უსვამს, რომ ლევანდოვსკი მზად არის ბარსაში ხელფასის დაკლებითაც კი დარჩეს. ამიტომ, თუ კლუბი მას 1-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, თუნდაც გაცილებით დაბალ ხელფასზე, ის დათანხმდება.
მიუხედავად ლევანდოვსკის ამ მზადყოფნისა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით წინ დიდად ვერ მიიწევს.
მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში პოლონელმა 12 მატჩში ითამაშა და 8 გოლის გატანა მოახერხა.