არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
„ლივერპული“ რომ არამარტო ინგლისური, არამედ ევროპული ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ყველამ კარგად იცის. მერსისაიდული გრანდის მიერ ექვსჯერ მოგებული ევროპის უპრესტიჟულესი გუნდური ჯილდო, კიდევ ოთხი ფინალი, „სტამბოლის სასწაული“ და არაერთი დაუვიწყარი მატჩი თუ გოლი, „წითლებს“ კიდევ უფრო მკვეთრ ელფერს სძენს.
მერსისაიდელთა ევროპულ ისტორიაში პირველი მოგზაურობა 1964 წლის ზაფხულში დაიწყო. ეს ის დროა, The Beatles მთელ პლანეტას რომ იპყრობს და ინგლისიც, ევროპაცა და მთელი მსოფლიოც „ბიტლომანიით“ იწამლება. ლივერპულელი ოთხეულის წყალობით, ქალაქი გაპოპულარულდა და დიდი ბრიტანეთის ეპიცენტრად იქცა, რამაც დედაქალაქი ლონდონი მეორეხარისხოვან როლშიც კი დატოვა.
მუსიკალურ სცენაზე დომინირების პარალელურად, ლივერპულმა საფეხბურთო სამყაროში ლიდერობაც დაისახა მიზნად. ბილ შენკლიმ „ლივერპული“ 1962 წელს მეორე დივიზიონის ტიტულამდე მიიყვანა, რითაც „წითლები“ ყურადღების ცენტრში დააბრუნა. წარმოუდგენელია, მაგრამ სულ რაღაც ორ სეზონში „ლივერპული“ 1947 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი როჯერ ჰანტის, იან სენტ ჯონისა და ალფ ეროუსმიტის შედეგიანი თამაშით, რომლებმაც იმ სეზონში ჯამში 92 გოლი გაიტანეს.
ინგლისის ჩემპიონობის წყალობით, „წითლებმა“ ევროპულ სარბიელზე თამაშის უფლება პირველად მოიპოვეს. იმხანად კონტინენტის ელიტური კლუბები პირდაპირ პლეი-ოფებით იწყებდნენ ასპარეზობას, კენჭისყრით - ჯგუფებისა და განთესვის გარეშე.
ახლა ალბათ რთულია ამის წარმოდგენა, მაგრამ „ლივერპული“ 1964 წელს ევროპული ასპარეზისთვის უცნობი გუნდი იყო - სანამ ბილ შენკლი შიდა ტიტულს მოიგებდა, „ლივერპულს“ ხომ ხანგრძლივი კრიზისი ჰქონდა... თანაც ევროპაში ბრიტანული თავგადასავლების ადრეულ ეტაპზე ისეთი გუნდები ჩანდნენ, როგორებიც „ვულვზი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „დანდი“ და „ჰიბერნიანი“ იყვნენ. როდესაც ეს კლუბები „ბარსელონას“, „რეალსა“ და „მილანს“ ეპაექრებოდნენ, „ლივერპული“ ინგლისის მეორე დივიზიონში იყო ჩაძირული და სკანთორპში, პლიმუთსა და როტერჰემში უწევდა წინ და უკან სიარული... მაგრამ ეს ყველაფერი სამი სეზონის განმავლობაში შეიცვალა და „ლივერპულიც“ ახლა უკვე ევროპის გიგანტებთან ჯახისთვის იყო მზად.
1964-65 წლების ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება 30 გუნდს შორის ე.წ. წინასწარი რაუნდით დაიწყო. რეალურად ეს უკვე სრულფასოვანი პლეი-ოფი, პრაქტიკულად 1/16 ფინალი იყო, რომლის გამოტოვების უფლება მხოლოდ წინა წლის ტრიუმფატორს, მილანის „ინტერს“ ჰქონდა.
წილისყრამ „ლივერპულს“ მეტოქედ არგუნა ისლანდიის ჩემპიონი „კნატსპიურნუფელაგ რეიკიავიკური“, იგივე KR, რომლის ძლევა მერსისაიდელებისთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მისი სახელის წარმოთქმა: ბილ შენკლის გუნდმა სტუმრად 5:0, „ენფილდზე“ კი 6:1 იმარჯვა და მერვედფინალში იოლად გავიდა. სხვათა შორის, აღნიშნული ისლანდიური კლუბი თავისი ქვეყნიდან პირველი იყო, რომელმაც ევროტურნირში ითამაშა.
ბილ შენკლის გუნდის მეტოქე ამჯერად ბრიუსელის „ანდერლეხტი“ იყო, რომლის ლიდერი ლეგენდარული პოლ ვან ჰიმსტი გახლდათ. „წითლებმა“ იცოდნენ, რომ რეიკიავიკის მსგავსი იოლი გასეირნება ბელგიაში არ ექნებოდათ და საქმეს გულისყურით მოეკიდნენ.
არათუ ფეხბურთის ბევრმა ქომაგმა, არამედ უამრავმა სქაუზერმაც კი შესაძლოა, არ იცოდეს, რომ „ლივერპულის“ ამჟამინდელი, მთლიანად წითელი ეკიპირება სწორედ „ანდერლეხტთან“ თამაშის წინ დაიბადა: ბილ შენკლიმ გუნდს თეთრი შორტი წითლით შეუცვალა და მას მერე კლუბის ფორმა სრულიად წითელი გახდა.
1964 წლის 25 ნოემბერს, „ენფილდზე“ გასამართი პირველი მატჩისთვის შენკლიმ განსაკუთრებულად შეაგულიანა თავისი ფეხბურთელები და მეტოქეს ნაგვის გროვა უწოდა: "Right boys. You've nothing to beat tonight, they're a load of rubbish."
„ლივერპულმა“ საკუთარ კედლებში ბელგიური კლუბი 3:0 დაამარცხა. თავი იან სენტ ჯონმა, როჯერ ჰანტმა და კაპიტანმა რონალდ იეტსმა გამოიჩინეს. ბრიუსელში „ეიზელზე“ 48 ათასი მაყურებლის თვალწინ ჩატარებული საპასუხო შეხვედრაც ბილ შენკლის გუნდმა მოიგო: ჰანტმა მატჩის ბოლოსწინა წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი.
მეოთხედფინალის კენჭისყრაში მერსისაიდელებს გაუმართლათ, აცდნენ რა ისეთ სახელოვან კლუბებს, როგორებიც „ინტერი“, „რეალი“ და „ბენფიკა“ იყვნენ, თუმცა გერმანიის ჩემპიონ „კიოლნთან“ დაპირისპირება რთული, დასამახსოვრებელი და ისტორიული გამოდგა: გერმანიაში უგოლო ფრეს მერსისაიდშიც ნულოვანი თამაში მოჰყვა. გადამწყვეტი მატჩი ნეიტრალურ მოედანზე დაინიშნა, თუმცა როტერდამის „დე კუიპზე“ გამართული შეხვედრაც ფრედ, 2:2 დასრულდა: ორი ბურთით დაწინაურებულ „ლივერპულს“ დასავლეთ გერმანელებმა წყვილი გოლით მალევე უპასუხეს.
მაშ, როგორ უნდა გარკვეულიყო ევროპის თასის გათამაშების ოთხეულში მოსახვედრი გუნდის ვინაობა? მოგეხსენებათ, იმ დროს პენალტების სერია არ გამოიყენებოდა და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება მონეტის აგდებით მიიღეს. დღეს ამაზე ფიქრი წარმოუდგენელი და სასაცილოც კია, მაგრამ დიახ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის კრიტიკულ მომენტში სწორედ უბრალო მონეტამ გაარკვია ნახევარფინალში გამსვლელი გუნდი.
როდესაც მოედნის შუაგულში კაპიტნების, რონ იეტსისა და ჰანს შტურმის არჩეულმა მონეტის მხარეებმა „წითლებს“ სიხარულის ყიჟინა მოჰგვარა, ბილ შენკლი მეტოქის სათადარიგო სკამთან მივიდა და თანაგრძნობა გამოხატა, რომ მსგავსი დაძაბული, თანაბარი და დაბალანსებული დაპირისპირების ბედი ასე არ უნდა გადაწყვეტილიყო...
თასის მოგების კანდიდატებს შორის „ლივერპული“ ასევე დებიუტანტ უნგრულ „დიორთან“, ლისაბონის „ბენფიკასა“ და მოქმედ გამარჯვებულ „ინტერთან“ ერთად აღმოჩნდა. ნახევარფინალში მერსისაიდულ კლუბს მეტოქედ ლეგენდარული ელენიო ერერას დამოძღვრილი „ნერიაძური“ ერგო.
„ინტერთან“ შეხვედრამდე „ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დონ რევის გაწვრთნილი „ლიდსი“ უგოლო 90 წუთის შემდეგ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და პლანეტის პირველი საფეხბურთო თასი ისტორიაში პირველად მოიპოვა.
კატენაჩოთი თავმომწონე „ილ გრანდე ინტერი“, რომლის რიგებშიც სანდრო მაცოლა, ჯაჩინტო ფაკეტი, ტარჩიზიო ბურგნიჩი, არმანდო პიკი, მარიო კორსო და ლუის სუარესი ბრწყინავდნენ, შენკლის გუნდისთვის პირველი ევროპული ოდისეის გადაულახავი ზღუდე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შინ გამართული შეხვედრა „ლივერპულმა“ შესანიშნავად ჩაატარა, 3:1 მოიგო და ფინალზე ოცნება რეალობად ექცა, „სან სიროზე“ მილანელებმა სამი უპასუხო გოლით დასაჯეს ინგლისური კლუბი და საბოლოოდ თასიც შემართეს: ასევე საკუთარ მოედანზე „ბენფიკას“ წინააღმდეგ 90 ათასი დამსწრის თანხლებით გამართული ფინალი ელენიო ერერას გუნდმა ბრაზილიელი ჟაირის გოლით მოიგო და ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის გამარჯვებული...
არაერთი მოსაზრება და ბრალდება არსებობს ესპანელი არბიტრის, ხოსე მარია ორტის დე მენდიბილის გარშემო, რომელმაც მილანში „ინტერისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა იმსაჯა. ბევრის აზრით, ორტისი მასპინძლებს ემხრობოდა და მთელ რიგ ეპიზოდებში მილანელთა სასიკეთოდ იღებდა გადაწყვეტილებებს...
ასეა თუ ისე, „ლივერპულმა“ ევროპულ სარბიელზე პირველი ასპარეზობისას ყველას აჩვენა, რომ ახალი ძალა უკვე არსებობდა. 1964-65 წლების ჩემპიონთა თასის კამპანია „წითლების“ კონტინენტზე დომინირების საძირკვლად იქცა. „ლივერპული“ თანაქალაქელი მუსიკალური კვარტეტის მსგავსად უმალ გახდა ათასობით ფანატისთვის საყვარელი კოლექტივი, რომელმაც დედამიწის ყველა კუთხეში გაიჩინა აურაცხელი გულშემატკივარი.
P.S. ბილ შენკლიმ ევროტურნირი ვერასოდეს მოიგო, მერსისაიდელთა სანუკვარი ოცნება ბობ პეისლიმ, ჯო ფეიგანმა, რაფაელ ბენიტესმა და იურგენ კლოპმა ჯამში ექვსჯერ აახდინეს, „ინტერს“ კი ელენიო ერერას ეპოქის შემდეგ მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს მოუწია ევროპის დაპყრობა.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები