ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკოს ლორენტემ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში კაბო-ვერდესთან ფრის (0:0) შემდეგ ეროვნული გუნდის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ისაუბრა.
„არ მესმის, როგორ შეიძლება არ უჭერდე მხარს ნაკრებს, მოთამაშეებსა და მწვრთნელს - მიუხედავად იმისა, მოიგეს მათ ევროპის ჩემპიონატი თუ არა. ვინც არ უჭერს მხარს ლუის დე ლა ფუენტეს, ვინც მხარს არ უჭერს ეროვნულ გუნდს, ის ესპანელი არ არის.
ჩვენ გვესმის ჩვენი ამოცანა, თვითკრიტიკულები ვართ, ვიცით, რაში მდგომარეობს ჩვენი შეცდომები, უბრალოდ საჭიროა მათი გამოსწორება და სიმშვიდის შენარჩუნება. ეჭვები ყველას გაუქრება, ვისაც კი უჩნდება.
ალბათ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც კრიტიკით ჩვენზე წნეხს გაზრდიან, როგორც ეს ყოველთვის ხდება; იქნებიან ისინიც, ვინც კვლავინდებურად გააგრძელებს ჩვენს რწმენას; და კიდევ იქნებიან ისინი, ვინც ფეხბურთში ნამდვილად ერკვევა და ესმის, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ თავადაც მშვენივრად ვიცით, რა გავაკეთეთ კარგად და რა - ცუდად“, – განაცხადა ლიორენტემ.
ატლეტიკოს ნახევარმცველმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის სულერთია, რას ფიქრობს მასზე ხალხი და რომ მას „ფაშისტსაც“ კი უწოდებენ.
„უკვე დიდი ხანია, არ მადარდებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე. ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ. გულწრფელი ვარ. ფეხბურთის სამყაროში კი ამ თვისებას ხშირად ვერ შეხვდებით“, – დაასკვნა ფეხბურთელმა RNE-სთან ინტერვიუში.