ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ განაცხადა, რომ წელს ოქროს ბურთი ესპანელმა ფეხბურთელმა უნდა მოიგოს.
65 წლის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინ იამალი ამ პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს მალე დაეუფლება.
ერთა ლიგის მომავალი მატჩების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დე ლა ფუენტემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მიკელ ოიარსაბალი 30-კაციან ნომინანტთა სიაში ვერ მოხვდა.
ყოველთვის მხარს ვუჭერ ადგილობრივ ტალანტს, ესპანურ ბრენდს. განვითარების, პერფორმანსისა და ხარისხის თვალსაზრისით ჩვენ მსოფლიო დონის ვართ. უცებ რაც მახსენდება, ნომინანტთა სიას მიკელ ოიარსაბალი აკლია, ვინც სახელებს წერდა, ალბათ ფურცელი ძირს დაუვარდა და ის გამოტოვა
მან განსაკუთრებული ყურადღება ლამინ იამალის ტალანტზე გაამახვილა:
ვფიქრობ, ლამინ იამალს შეუძლია ოქროს ბურთის მოგება, რადგან ის ესპანელია და წარმოუდგენელი ფეხბურთელია. თუ ეს წელს არ მოხდება, მომავალში აუცილებლად მოხდება. არა მგონია, მის მოსაგებად დიდი დრო დასჭირდეს. ვხედავ, რომ ამ სეზონის დასაწყისში ის ძალიან კარგად თამაშობს და გვინდა, რომ მისი თამაშით კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვისიამოვნოთ.
გარდა ამისა, დე ლა ფუენტემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ სანაკრებო კარიერის დამსრულებელ მარკოს ლორენტეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის მიმართ აბსოლუტური პატივისცემა და მადლიერება აქვს, მათ შორის კი ფანტასტიკური ურთიერთობაა. ახალგაზრდა ტალანტების ნაკრებში დამატებაზე საუბრისას კი მწვრთნელმა დასძინა:
„ისინი მომავალში აუცილებლად იქნებიან. სიჩქარე საჭირო არ არის და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ფეხბურთელთა იმ თაობას, რომელმაც ბოლო წლებში აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო.“