პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საოცრად გულახდილი განცხადება გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში გამართულ მატჩში გამარჯვებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა.
პარიზულმა გრანდმა ევროპული გვირგვინი პენალტების სერიაში (4:3) დაიცვა, მას შემდეგ, რაც ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩი ნამდვილ ტაქტიკურ ჭადრაკად იქცა - ლონდონის არსენალი ღრმა დაცვაში ჩაჯდა, რამაც ფრანგების შეტევები შებოჭა. ლონდონელებმა ბურთის ფლობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი (24.7%) დააფიქსირეს, რის გამოც პარიზელთა ნახევარმცველმა, ჟოაუ ნევეშმა მეტოქე ანტიფეხბურთში დაადანაშაულა. თუმცა, თავად ლუის ენრიკე მოწინააღმდეგის მისამართით უფრო კორექტული იყო და საკუთარი გუნდის პრობლემებზეც ისაუბრა:
პენალტების სერია? ყველაფერი ჩვეულებრივად გადაწყდა, ფეხბურთელებმა თავად შეარჩიეს, ვინ იყო უფრო დასვენებული დასარტყმელად. სერიას სიმშვიდით ვუყურებდი. ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა, ბევრი ვიწვალეთ. ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შეხვედრაში გამარჯვებას არცერთი გუნდი არ იმსახურებდა, თუმცა თუ მთლიან სეზონს შევაფასებთ, ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება
ესპანელმა მწვრთნელმა აღიარა, რომ პირველ ტაიმში მიკელ არტეტას დისციპლინირებული დაცვის გარღვევა ძალიან გაუჭირდათ, თუმცა შესვენების შემდეგ გუნდმა თამაში გამოასწორა:
ახლა სიზმარში ვართ, უბედნიერესი ვარ... სივრცეების პოვნა გვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში მოვუმატეთ. რთული ბარიერი გადავლახეთ, ანგარიშის გათანაბრება შევძელით და ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობა წარმოუდგენელი რამ არის. ახლა აღნიშვნის და დასვენების დროა. ფეხბურთელები ნაკრებებში მიდიან, ჩვენ კი, სამწვრთნელო შტაბი, ამ ზაფხულით მაქსიმალურად ვისიამოვნებთ
მიუხედავად მძიმე მარცხისა, არსენალის დამწუხრებულმა დამრიგებელმა, მიკელ არტეტამ მეტოქის მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:
მინდა მივულოცო პსჟ-ს და განსაკუთრებით ლუისს, რადგან ისინი, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. რასაც ისინი ბურთით აკეთებენ, მსგავსი არაფერი მინახავს. ჩვენი გეგმა სულაც არ იყო უბურთოდ ასე ღრმად დაჯდომა, მაგრამ მათ უბრალოდ გვაიძულეს. ასე რომ, ჩემს ფეხბურთელებს კიდევ უფრო მეტი დაფასება ეკუთვნით იმისთვის, რაც გააკეთეს