ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლორენცო ლუკა კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. უდინეზე იჯარაში 9 მილიონ ევროს მიიღებს, სეზონის ბოლოს კი ნაპოლის მოთამაშის გამოსყიდვის ვალდებულება 26 მილიონ ევროდ ექნება. იტალიელი თავდამსხმელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს.
ლუკას ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ, ნაპოლიმ ლივერპულს შეატყობინა, რომ ისინი დარვინ ნუნიესის დამატებით დაინტერესებული აღარ არიან. სავარაუდოა, რომ ურუგვაელი მერსისაიდულ კლუბს მაინც დატოვებს. მისი დამატება საუდის არაბეთის კლუბებს სურთ.
ნოა ლანგი უკვე იტალიაშია და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მისი ტრანსფერი ნაპოლიში ოფიციალურად გამოცხადდება. იტალიის ჩემპიონი ნიდერლანდელ შემტევს პსვ-დან 28 მილიონ ევროდ იმატებს.
კიდევ ერთი ტრანსფერი, რომელიც ნოა ლანგის შემდეგ უნდა გაოფიციალურდეს, სემ ბაუკემაა, რომელიც ბოლონიადან პარტენოპეიში 31 მილიონ ევროს სანაცვლოდ გააგრძელებს კარიერას.
მისი სახით ანტონიო კონტე ახალ ცენტრალურ მცველს მიიღებს. 26 წლის მოთამაშეც ნიდერლანდელია და ბოლონიამდე ალკმაარისა და გოუ ეჰედ იგლზის ღირსებას იცავდა.
ასევე კონტეს მოთხოვნით, ნაპოლი ამ ზაფხულში ახალ მეკარეს დაიმატებს. კლუბმა მანჩესტერ სიტისთან ედერსონის თაობაზე მოლაპარაკება სცადა, თუმცა მოთხოვნების გამო ტრანსფერი არ გამოვა.