მათ გუნდებს შორის არსებული ისტორიული დაპირისპირების მიუხედავად, ისლამ მახაჩევი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად დიდ მოვლენას წარმოადგენს კონორ მაკგრეგორის დაბრუნება სპორტის ამ სახეობისთვის.
სულ რამდენიმე კვირის წინ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა გამოაცხადა, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს დაუბრუნდება. ორმაგი ყოფილი ჩემპიონი ქვემსუბუქი წონისა და BMF ტიტულის ყოფილ მფლობელს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება, რომელმაც ირლანდიელის ბოლო ჩხუბის შემდეგ უკვე რვაჯერ მოასწრო ოქტაგონზე გასვლა. ხანგრძლივი უქმობის მიუხედავად, კონორი კვლავ რჩება სპორტის უდიდეს ვარსკვლავად და მისი დაბრუნება დიდ პოზიტივად აღიქმება.
37 წლის ირლანდიელის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა, თუმცა სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ფანების უდიდესმა ნაწილმა საერთოდ აღმოაჩინა MMA. ამის გამო მისი დაბრუნება სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეპიკურ მოვლენად ფასდება. მაკგრეგორი უკვე გააფრთხილეს, რომ ჰოლოუეისთან მარცხმა შესაძლოა მისი აქტუალურობა საბოლოოდ გააქროს და სპორტში მომავალი აღარ დაუტოვოს.
UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი მიიჩნევს, რომ კონორის დაბრუნება სპორტისთვის მშვენიერი ამბავია:
დიახ, ეს კარგია, ძალიან კარგია. ის ჩვენს სპორტში უდიდესი სახელია, თუმცა წინ ძალიან რთული მეტოქე ელის. მაქს ჰოლოუეი კონორის წინააღმდეგ - ვფიქრობ, მაქსს მისი დამარცხება შეუძლია.
ჰოლოუეის სახით მაკგრეგორს რომ უმძიმესი გამოცდა ელის, ამას ირლანდიელის კრივის მწვრთნელი ოუენ როდიც ეთანხმება. საინტერესოა, რომ ეს იქნება ჰოლოუეის პირველი ბრძოლა 170 ფუნტში (ქვესაშუალო წონაში) მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს ქვემსუბუქი წონიდან მსუბუქ წონაში გადაინაცვლა.
ეს ფაქტორი დიდ უპირატესობად მიიჩნევა მაკგრეგორისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საგრძნობლად აიყარა კუნთოვანი მასა და ამ დაპირისპირებაში ბევრად დიდი მებრძოლი იქნება. კომენტატორი ჯო როგანი მიიჩნევს, რომ ეს წონითი კატეგორია შესაძლოა პირიქით, ჰოლოუეის პლიუსად იქცეს, რადგან მას წონის დაკლება არ მოუწევს და ოქტაგონზე იდეალურ ფორმაში გავა.