არმან ცარუკიანი ვაშინგტონში UFC-ის თეთრი სახლის ოფიციალურ აწონვებზე არ გამოჩნდება, თუმცა თავად სპორტსმენი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე რეიტინგული ტურნირის სათადარიგო მებრძოლად მაინც რჩება.
დეინა უაითმა მსუბუქი წონის პირველი ნომერი ოფიციალურ შემცვლელად დაასახელა იმ შემთხვევისთვის, თუ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო დაპირისპირებაში ვინმე ჩხუბიდან ჩაიხსნებოდა. პარალელურად ცარუკიანს მისურიში, ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ თავისუფალ ჭიდაობაში აქვს მატჩი ჩანიშნული.
ცარუკიანისთვის პლუსი ისაა, რომ თავისუფალ ჭიდაობაში აწონვები უშუალოდ ორთაბრძოლის დღეს იმართება, ასე რომ, გარკვეულ წონას ის იმავე დილით მაინც დააფიქსირებს. ცარუკიანი ვაშინგტონში მაინც არ ჩავა და UFC-ის მთავარ ბრძოლაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი უშუალოდ აწონვის დღემდე მოხდება. თუ თოფურიაც და გეიჯიც სასწორზე დადგებიან, არმანი თავისუფალია.
ახლახან გამართულ პრესკონფერენციაზე ცარუკიანმა განაცხადა, რომ ის სექტემბრამდე დაკავებულია და იქვე მიანიშნა, რომ მისი შემდეგი ოფიციალური ორთაბრძოლის შესახებ განცხადებაც მალე გაკეთდება.
როდესაც მას პირდაპირ ჰკითხეს, არის თუ არა უაით ჰაუსის ტურნირის სათარიგო მებრძოლი, მან უპასუხა:
13 ივნისს ჭიდაობა მაქვს, ვნახოთ... მე სათადარიგო ვარ, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ორი კვირა დარჩა, ვფიქრობ, ისინი იჩხუბებენ, მე კი ჩემს შანსს დაველოდები.
ჟურნალისტებმა მას ისიც ჰკითხეს, არსებობდა თუ არა შანსი, რომ ჯერ ვაშინგტონში აწონილიყო, შემდეგ კი ორსაათიანი ფრენით მისურიში თავის საჭიდაო მატჩზე დაბრუნებულიყო, რაზეც ცარუკიანმა კატეგორიული უარი თქვა და ეს ვარიანტი მაშინვე გამორიცხა