კონორ მაკგრეგორის მრავალწლიანმა მწვრთნელმა სტრაიკინგში ჰოლოუეის UFC 329 ტურნირზე დაბრუნება შეაფასა.
მიუხედავად იმისა, რომ ფანების უმეტესობა მაკგრეგორის დაბრუნებით აღფრთოვანებულია, ნაწილს მაინც ეპარება ეჭვი, არის თუ არა მაქს ჰოლოუეი სწორი მეტოქე ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველივე ჩხუბისთვის. მწვრთნელის თქმით, ეს გამოწვევა ზუსტად ისაა, რაც კონორს ახლა სჭირდება და თავადვე სურს.
მაქს ჰოლოუეი, რომელმაც კონორთან ოქტაგონი ჯერ კიდევ 2013 წელს გაიზიარა, ირლანდიელს საერთოდ არ აფასებს სათანადოდ იმის ფონზე, რომ მაკგრეგორს 5 წელია არ უჩხუბია. კონორი ამ პერიოდში აქტიურად განაგრძობდა ჩხუბს და მსუბუქი და ქვემსუბუქი წონის საუკეთესო მებრძოლებს უპირისპირდებოდა.
ირლანდიელი სუპერვარსკვლავის მწვრთნელმა, ოუენ როდიმ გაამხილა, თუ როგორია კონორთან ერთად დარბაზში დაბრუნება და მომავალ ბრძოლაზე მუშაობა:
მასში ისევ ანთია ის ცეცხლი. ეს ძალიან რთული ბრძოლაა, მაგრამ სწორედ ასეთი მომენტები აიძულებს კონორს, საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. ის საკუთარ თავს ეუბნება, რომ ეს უდიდესი გამოწვევაა. ასე რომ, ის მაქსიმალურადაა ფოკუსირებული. მათ ადრეც უჩხუბიათ და გამოცდილება აქვთ. მართალია, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ დარბაზში დაბრუნება და ტაქტიკაზე მუშაობა მაინც საოცარი პროცესია. ძალიან მაგარია მაქსის ჩხუბების გარჩევა და მის ტაქტიკაში მინუსების, სუსტი წერტილების ძებნა.
იუეფსის ყოფილ ორმაგ ჩემპიონს მას შემდეგ არ უჩხუბია, რაც დასტინ პუარიესთან ტრილოგიაში მძიმე ტრავმა მიიღო. მაკგრეგორმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი მზადაა და სპორტისგან შორს ყოფნამ მისი მენტალიტეტი შეცვალა.