ხაბიბ ნურმაგომედოვისგან განსხვავებით, UFC-ის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი აბუ-დაბის სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის მომხდარ ინციდენტზე საჯაროდ საუბარს არ ერიდება.
- დაღესტნელმა მებრძოლმა თანაგუნდელები დაიცვა და აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის საწყისი წერტილი თვეების წინ, თბილისში მომხდარი დაპირისპირებაა.
მახაჩევის მტკიცებით, მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში ყოფნისას, მერაბ დვალიშვილმა მათ მეგობარს, ახმედ გაჯიმაგომედოვს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისი თქმით, საზოგადოების რეაქცია აბუ-დაბის ინციდენტზე ზედმეტად გაზვიადებულია.
ივლისში, საქართველოში მერაბ დვალიშვილი ნაკლებად ღირსეულად მოიქცა და ჩვენი მეგობრის დედა, რომელსაც დედა საერთოდ აღარ ჰყავს ცოცხალი, უშვერი სიტყვებით მოიხსენია, ეს კი ჩვენთვის წმინდა ამბავია და უდიდეს შეურაცხყოფად ითვლება
UFC-ის ჩემპიონმა უსმან ნურმაგომედოვისა და მისი მეგობრების ქმედება სრულად გაამართლა და ხაზი გაუსვა, რომ სიტყვებზე პასუხისგება ყველას მოუწევს. მეტიც, ისლამმა დაღესტნელების მხრიდან რიცხობრივ უპირატესობაში ყოფნაც ახსნა:
როდესაც ღირსებას ეხებიან, ორი ერთზე იჩხუბებ, თუ ერთი ერთზე, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია... საქართველოში რა მოხდა? ახმედს ხელი გაარტყეს და აღარაფრის გაკეთების საშუალება არ მისცეს, რადგან ადგილზე ძალიან ბევრი ქართველი იყო
მერაბ დვალიშვილსა და უსმან ნურმაგომედოვს შორის ფიზიკური დაპირისპირება აბუ-დაბიში გაიმართა. ინციდენტისას ქართველი ჩემპიონის გვერდით 21 წლის მოჭიდავე, საბა ლაზიშვილი იმყოფებოდა, რომელმაც რიცხვმრავლად მყოფ დაღესტნელებს სათანადო პასუხი გასცა და მერაბს ბოლომდე დაუდგა.