კატარის დედაქალაქ დოჰაში, მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხების შემდეგ, ალექსანდრე თოფურიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ბრძოლის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც ირკვევა, ქართველმა მებრძოლმა პირველსავე წუთზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, რამაც დაპირისპირების მსვლელობაზე სერიოზული გავლენა იქონია.
გამარჯობა ყველას! პირველ რიგში, მინდა ღმერთს მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, როგორც გამარჯვებისას, ისე მარცხის დროსაც. არის რაღაცები, რასაც ვერ ვაკონტროლებთ და რისი გამოსწორებაც იმ კონკრეტულ მომენტში შეუძლებელია. ზუსტად ეს დამემართა წუხელ.
ბრძოლის პირველსავე წუთზე მარცხენა მხარი ამომივარდა, რის გამოც ბრძოლის ბოლომდე ხელით საერთოდ ვეღარ ვმოქმედებდი. ამას იმისთვის არ ვამბობ, რომ ვინმეს რამე დავუკარგო ან, მით უმეტეს, შედეგი გავამართლო. უბრალოდ, მინდოდა გამეზიარებინა ჩემი გუშინდელი რეალობა, რადგან ძალიან ბევრი მეკითხებოდა. ვთვლი, რომ ვინც მხარს მიჭერს, იმსახურებს იცოდეს, თუ რა მოხდა.
არაფერს ვნანობ და საკუთარ თავთან საყვედური არ მაქვს. იმას, რაც მოხდა, სიმშვიდით ვიღებ, რადგან ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯე, როგორც ყოველთვის გპირდებით ხოლმე. ყველაფერი მიზეზით ხდება. ეს მხოლოდ დასაწყისია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, ყოველთვის
ეს თოფურიასთვის UFC-ში ჩატარებული მესამე ბრძოლა და პირველი მარცხი იყო. წინა ორი დაპირისპირება მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
საერთო ჯამში, ელ კონკისტადორის ანგარიშზე შერეულ ორთაბრძოლებში 7 მოგება და 2 მარცხია.