საკრამენტო კინგსთან მოგებულ წინასასეზონო დაპირისპირებაში (114:110) სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა, 19 ქულა დააგროვა და პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ლოს-ანჯელესური გამოცემა Silverscreenandroll ქართველი ფორვარდის თამაშს ვრცელი სტატიით გამოეხმაურა. ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ მამუკელაშვილმა ლეიკერსში ისეთი მრავალმხრივი უნარები მიიტანა, რაც გუნდს ამ პოზიციაზე დიდი ხანია არ უნახავს. მათი შეფასებით, ის იდეალური დამაკავშირებელი რგოლია, რომელსაც დაცვასა და შეტევაში პოზიციების სწრაფად შეცვლა შეუძლია.
VIDEO: დონჩიჩისა და მამუკელაშვილის გამორჩეული თამაში - ლეიკერსმა საკრამენტო დაამარცხა
სანდროს თამაში თანაგუნდელმა ოსტინ რივზმაც დადებითად შეაფასა:
ვფიქრობ, ის დღეს შესანიშნავი იყო. უბრალოდ, თავდაჯერებულობა უნდა შევუნარჩუნოთ, რათა საკუთარი თამაში ითამაშოს. შეტევაშიც ძალიან კარგია და დაცვაშიც აქტიურად კონტაქტობს გუნდთან
მიუხედავად ასეთი წარმატებული სტარტისა, თავად კალათბურთელი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია და მწვრთნელების მითითებების შესასრულებლად მაქსიმუმს აკეთებს:
სადაც არ უნდა მეთამაშა, ყველაფერს გავაკეთებდი ჩემი მაქსიმუმის გამოსავლენად. ვცდილობ, უკეთესი და უფრო ფიზიკური ვიყო. მოხსნებში პოზიციები არ დავთმო. დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე კიდევ უფრო მოვუმატებ