-
Aa
+
ფონტის ზომა
უოკერ კესლერს წინასასეზონო შეხვედრებში ჯერ არ უთამაშია, თუმცა თითის ტრავმის მოშუშების შემდეგ ის გუნდის ძირითადი ცენტრი გახდება.
რაც შეეხება სათადარიგო ცენტრის პოზიციას, აქ კონკურენცია ჯერ კიდევ ღიაა და მამუკელაშვილი მუდმივად ამტკიცებს, რატომ იმსახურებს ლუნიზე მეტ სათამაშო დროს.
საკრამენტო კინგსთან მოგებულ წინასასეზონო შეხვედრაში მამუკელაშვილმა 21 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ლუნიმ კი, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მხოლოდ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.
თუმცა საქმე მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს არ ეხება. მამუკელაშვილის მრავალმხრივი შესაძლებლობები და შეტევაში უპირატესობის შექმნის უნარი საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე უპირატესობა სწორედ მას მიენიჭოს.
ზაფხულში ლეიკერსმა შემადგენლობა ლუკა დონჩიჩის გარშემო გადააწყო. კლუბს სურდა გუნდის გაახალგაზრდავება, ათლეტურობისა და მრავალმხრივობის გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ გააფორმა ლოს ანჯელესურმა გუნდმა მამუკელაშვილთან 4-წლიანი, 52 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი.
206 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელი ამტკიცებს, რომ სარფიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოდუნებას არ აპირებს. ლეიკერსს კი მისი შესაძლებლობები განსაკუთრებით მეორე ხუთეულში დასჭირდება.
ლეიკერსს წინასასეზონო სამივე მატჩში საკადრო პრობლემები ჰქონდა. კესლერსა და კოლინ სექსტონს ჯერ არ უთამაშიათ, ოსტინ რივზი კი მოედანზე პირველად ხუთშაბათს გამოჩნდა. ლოს ანჯელესელებს თითოეულ შეხვედრაში რამდენიმე კალათბურთელი აკლდათ.
საკრამენტოსთან პირველ საშინაო მატჩში მთავარმა მწვრთნელმა ჯეი ჯეი რედიკმა დონჩიჩი და რივზი ერთად ათამაშა, რის გამოც მეორე ხუთეულს შეტევების დამოუკიდებლად ორგანიზება და სასროლი პოზიციების შექმნა გაუჭირდა.
ეს პრობლემა მამუკელაშვილმა მოაგვარა.
ქართველ კალათბურთელს შეუძლია სწრაფ შეტევაში ბურთის წაღება, შეტევების ორგანიზება სამწამიანი ზონის ზედა ნაწილიდან და მეტოქის დაცვის გარღვევის შემდეგ თანაგუნდელისთვის გადაცემის გაკეთება.
კინგსთან შეხვედრაში გულშემატკივრებმა მის შესრულებაში უკან ნაბიჯით სამქულიანი ტყორცნაც იხილეს.
მამუკელაშვილი კომფორტულად გრძნობს თავს პიკ-ენდ-როლის კომბინაციებში და ცენტრისთვის დამახასიათებელ მოვალეობებსაც წარმატებით ასრულებს. მას შეუძლია შეტევების შექმნა და ლეიკერსისთვის ქულების მოტანა.
წინასასეზონო პირველ მატჩში მან 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ბოლო ორ შეხვედრაში კი 15 ქულაზე მეტი ჩააგდო.
რეგულარულ სეზონში რედიკი გუნდის ლიდერების სათამაშო დროს ისე გადაანაწილებს, რომ ისინი მოედანზე სხვადასხვა კომბინაციით გამოჩნდნენ.
თუმცა მამუკელაშვილის შესაძლებლობები ლეიკერსს საშუალებას მისცემს, მოედანზე ნებისმიერი შემადგენლობით მაღალი დონის შეტევა შეინარჩუნოს.
კევონ ლუნიმ გოლდენ სტეიტ უორიორსთან ერთად NBA-ის ჩემპიონობა 3-ჯერ მოიპოვა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიგაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა მისი სათამაშო დონის დაქვეითება უკვე აშკარაა.
კარიერის ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს მისი გადაადგილების სისწრაფე და გვერდითი მოძრაობების სიმკვეთრე.
ლუნის მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს, თუმცა ფარის დაცვა უჭირს და ვერტიკალური ნახტომის შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს.
რედიკმა ლუნი 3 წინასასეზონო შეხვედრიდან ორში სასტარტო ხუთეულში დააყენა. აშკარაა, რომ ლეიკერსი მას ენდობა, თუმცა ეს ნდობა სულ უფრო მეტად ჩანს გაუმართლებელი.
კესლერის არყოფნაში ლოს ანჯელესელებს მოხსნებისა და ფარის დაცვის მხრივ პრობლემები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ლუნი ფიზიკურად უფრო მასიურია, სამწამიან ზონაში მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.
ამ ყველაფერმა რედიკს სათადარიგო ცენტრის არჩევა კიდევ უფრო უნდა გაუადვილოს.
საკრამენტოსთან გამარჯვებისას მამუკელაშვილმა საშინაო არენა რამდენჯერმე აახმაურა. ცნობილმა კომენტატორმა მაიკ ბრინმაც კი გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც ქართველმა მაღალმა კალათბურთელმა უკან ნაბიჯით სამქულიანი ჩააგდო.
სანდროს მრავალმხრივი სათამაშო შესაძლებლობები მას გულშემატკივრების ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს.
რუი ჰაჩიმურა შესანიშნავი მსროლელი იყო, თუმცა თამაშის სხვა კომპონენტებში პრობლემები ჰქონდა. მამუკელაშვილს კი შეუძლია როგორც ბურთის მიღებისთანავე ზუსტი ტყორცნის შესრულება, ისე დრიბლინგით მეტოქის დაცვის გარღვევა.
ქართველი კალათბურთელი სახიფათო იქნება პიკ-ენდ-პოპის კომბინაციებშიც და ფარის სიახლოვეს შეტევების დასრულებისას.
გასულ სეზონში 27 წლის მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსის შემადგენლობაში სამქულიანები 38.9%-იანი სიზუსტით ისროლა, თამაშიდან შესრულებული ტყორცნების რეალიზაციის მაჩვენებელმა კი 52.3% შეადგინა.
ლეიკერსი სანდროს თავდაჯერებას მატებს და შესაძლებლობას აძლევს, მოედანზე კიდევ უფრო მრავალმხრივად ითამაშოს.
ლოს ანჯელესელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურთ. კევონ ლუნის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს, თუმცა ის უკვე აღარ არის ის კალათბურთელი, რომელსაც ჩემპიონობის რეალურ პრეტენდენტ გუნდში ყოველ მატჩში რეგულარული სათამაშო დრო უნდა ჰქონდეს.
მისთვის უფრო შესაფერისი მესამე ცენტრის როლი იქნება, რომელიც მოედანზე კონკრეტული მეტოქეებისა და სათამაშო სიტუაციების გათვალისწინებით გამოჩნდება.
ლეიკერსმა კი მამუკელაშვილს მე-6 მოთამაშის როლი უნდა მიანიჭოს. მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავად შექმნას შეტევები და ისედაც დინამიკურ შეტევას დამატებითი ენერგია შემატოს.
მამუკელაშვილის სიმაღლე 206 სანტიმეტრია, ამიტომ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გულშემატკივრებს აინტერესებდათ, ქართველი კალათბურთელი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებდა თუ ცენტრის.
ლეიკერსმა მას ორივე პოზიციაზე უნდა მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა, თუმცა აშკარაა, რომ სათადარიგო ცენტრის როლში მამუკელაშვილი ლუნიზე უკეთესი არჩევანია.
რედიკს დაბალი ხუთეულით თამაში მოსწონს და ამის გაკეთება მამუკელაშვილის ცენტრის პოზიციაზე დაყენებითაც შეუძლია. ქართველი კალათბურთელი მოედანს შეტევაში უკეთ გაშლის და გუნდის შემტევ პოტენციალს გაზრდის.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი თანდათან ძირითადი როტაციის ჩამოყალიბებას უახლოვდება. როგორც ჩანს, სასტარტო ხუთეულში ადგილის მოსაპოვებლად ზაირ უილიამსი და კვენტინ გრაიმსი ფავორიტები არიან, ხოლო სათადარიგო ცენტრი სანდრო მამუკელაშვილი უნდა იყოს.
ლეიკერსი ჯერჯერობით განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არ არის, თუმცა გუნდმა უკვე აჩვენა შთამბეჭდავი თამაშის რამდენიმე მონაკვეთი.
მამუკელაშვილი ლოს ანჯელესელებს ახალ შესაძლებლობებს შესძენს და გულშემატკივრების ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ იქცევა.
ჯეი ჯეი რედიკი მას სათადარიგო ცენტრის პოზიციაზე უნდა ენდოს. შედარებით დაბალი კალათბურთელისთვის ამ როლის მინდობა გარკვეულ რისკს შეიცავს, თუმცა სანდრო მამუკელაშვილი სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც ლეიკერსს სჭირდება.
VIDEO: დონჩიჩისა და მამუკელაშვილის გამორჩეული თამაში - ლეიკერსმა საკრამენტო დაამარცხა

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები