უეფას ევროპა ლიგაზე 1/2 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.
ბილბაოში ატლეტიკმა სან მამესზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო. პირველ ტაიმში მასპინძელთათვის სიტუაცია ცუდად წარიმართა.
მე-6 წუთზე ალეხანდრო გარნაჩოს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, თუმცა 30-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში მაინც გახსნეს.
მარჯვენა ფლანგზე ჰარი მაგუაირმა ბრწყინვალედ ითამაშა, მისი ჩაწოდების შემდეგ მანუელ უგარტემ თავური პასი გაუკეთა კაზემიროს, ბრაზილიელმა კი შეტევა ასევე თავური დარტყმით დააგვირგივინა.
35-ე წუთზე ბასკების სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, ვივიანმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ბრუნო ფერნანდეშმა შეასრულა.
45-ე წუთზე პორტუგალიელმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და დუბლი შეასრულა, ანგარიში კი გამანადგურებელი გახდა 0-3.
მეორე ტაიმში ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა და მანჩესტერ იუნაიტედმა პირველივე შეხვედრაში დიდი ნაბიჯი გადადგა ფინალისკენ.
მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა მეორე ინგლისურმა გუნდმაც. ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ბოდო/გლიმტი მიიღო და 3-1 დაამარცხა.
ლონდონელებმა ანგარიში პირველივე წუთზე ბრენან ჯონსონის გოლით გახსნეს, 34-ე წუთზე კი ჯეიმს მედისონმა გაზარდა სხვაობა ორამდე.
61-ე წუთზე უკვე დომინიკ სოლანკემ შეასრულა ზუსტად პენალტი და ანგარიში 3-0 გახადა, 83-ე წუთზე კი სალტნესმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
ტოტენჰემი ნორვეგიაში ორბურთიანი უპირატესობით ჩავა და შეეცდება საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
დიდი შანსია, რომ ევროპა ლიგაზე ინგლისური ფინალი ვიხილოთ, რომელიც სან მამესზე გაიმართება. საპასუხო მატჩები 8 მაისს შედგება.