მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი, რეკორდსმენი და სამი მედლის მფლობელია.
ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში მარიამ მურღვლიანმა (86 კგ) ბრწყინვალე ასპარეზობა აჩვენა და ტურნირი სამი მედლით დაასრულა.
ქართველმა ძალოსანმა განსაკუთრებულ წარმატებას ატაცში მიაღწია - მან 112 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის მოქმედი რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
მურღვლიანმა შედეგიანი გამოსვლა აკვრაშიც გააგრძელა, სადაც 136 კილოგრამს გაერია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 248 კილოგრამით კი ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული და კიდევ ერთი ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.