ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

მარსელი, სკანდალი და პირველი ფრანგული თასი
ფეხბურთიფეხბურთი

მარსელი, სკანდალი და პირველი ფრანგული თასი

21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

1993 წლის მაისი, მიუნხენი, თითქმის 65 ათასი მაყურებელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის პირველი ტაიმის მიწურული: აბედი პელეს იდეალური ჩაწოდება კუთხურიდან, ბაზილ ბოლი ჰაერში ხტება და ანგარიში იხსნება, მილანის გოლკიპერი სებასტიანო როსი კი ბურთს უმწეოდ აყოლებს თვალს... დარჩენილ დროში ანგარიში აღარ იცვლება და მარსელის ოლიმპიკი ჩემპიონთა ლიგის პირველი ფრანგული გამარჯვებული ხდება. 



ოლიმპიკის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის თასი მისი საფეხბურთო ისტორიის დაგვირგვინების მომენტი გახდა, თუმცა ფრანგული გუნდის ტრიუმფი დღემდე ითვლება საეჭვო ფაქტად და იგი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდალია: თაღლითობა, ქრთამი, დოპინგი და კორუფცია - ევროთასის ფრანგულ რივიერაზე მოგზაურობას ეს ყველაფერი თან სდევდა.



ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ ტაპი (1943-2021) პარიზში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა. თავისი ქონება მან წარუმატებელი ფრანგული კომპანიების აღდგენით დააგროვა. ქარიზმატული და პოპულისტური საქმოსნისთვის ჰოლივუდური ღიმილის უკან არსებული ინტრიგები კი ჩვეული მოვლენა იყო.


1986 წელს ქალაქ მარსელის მერმა გასტონ დეფერმა ბერნარ ტაპის იმხანად გაჭირვებული საფეხბურთო კლუბის შეძენა სთხოვა. ტაპი ფეხბურთით საერთოდ არ იყო დაინტერესებული, მითუმეტეს - ქალაქ მარსელით, თუმცა სპორტულ სფეროში წარმატება მისთვის უცხო არ იყო: 1984 წელს დაფუძნებულმა მისმა ველომრბოლელთა გუნდმა La Vie Claire, რომელიც ტაპის მიერ გადარჩენილი ერთ-ერთი კომპანიისგან შეიქმნა, ტურ დე ფრანსი ზედიზედ ორჯერ მოიგო, 1985 და 1986 წლებში.



როგორც იმ დროს ჩანდა, ყველაფერი, რასაც ბერნარ ტაპი მეფე მიდასის მსგავსად ეხებოდა, ოქროდ იქცეოდა. გამონაკლისი არც კრიზისში მყოფი „ლე ფოსენსი“ (მარსელის ოლიმპიკის მეტსახელი) იყო. ტაპიმ ოლიმპიკისთვის მილიონები გაიღო და „სტად ველოდრომზე“ ვარსკვლავები მიიყვანა: ჟან-პიერ პაპენი, კარლჰაინც ფიორსტერი, კლაუს ალოფსი, აბედი პელე და ერიკ კანტონა, რომლებიც მარსელის 17 წლის შემდეგ მოგებული პირველი ტიტულის გარანტები გახდნენ.


მალევე ოლიმპიკს დიდიე დეშანი, ენცო ფრანჩესკოლი და ქრის უოდლიც შეუერთდნენ, ოლიმპიკი კი საფრანგეთის პირველობას ზედიზედ იგებდა. ამავე პერიოდში კლუბი ევროტურნირებსაც გაუშინაურდა და 1987-88 წლების სეზონში ჯერ თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალამდე მივიდა, მომდევნო სეზონში კი - უკვე ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი დათმო. 1990-91 წლების სეზონში ჩემპიონთა თასზე მარსელის ოლიმპიკი ფინალში გავიდა, სადაც ბელგრადის ცრვენა ზვეზდასთან დამარცხდა. არადა რემონ გუტალსის გაწვრთნილმა გუნდმა გზიდან სახელოვანი მილანიც კი ჩამოიშორა...


წარუმატებელი გამოდგა 1991-92 წლების ჩემპიონთა თასზე მარსელელთა გამოსვლა. „ოლიმპიელები“ პრაღის სპარტამ მეორე წრეშივე გამოთიშა ტურნირს, რამაც ბერნარ ტაპი განარისხა. მარსელის მფლობელი, როგორც თავად ამბობდა, თავისი კლუბის ევროტურნირებზე გამოსვლით ბევრს სწავლობდა და დაიფიცა, რომ ყველაფრის ფასად ჩაიტანდა UEFA- ჩემპიონთა თასს საფრანგეთის საპორტო ქალაქში.


მართლაც, შიდა ჩემპიონატში დომინანტმა მარსელმა მთელი გულისყური ევროპის უპრესტიჟულეს გათამაშებაზე გადაიტანა და 1992-93 წლების ტურნირზე, რომელმაც სწორედ იმ წელს შეიცვალა სახელი და ფორმატი, ორი წრე დამაჯერებლად გაიარა: ჯერ ჩრდილო ირლანდიური გლენტორანი გაანადგურა (5:0; 3:0), შემდეგ კი ბუქარესტის დინამოს სძლია (0:0; 2:0) და ჯგუფურ ეტაპზე შეაღწია. საიმსეზონოდ გუნდი მეკარე ფაბიენ ბარტეზით, მცველი მარსელ დესაითა და თავდამსხმელებით - ხორვატი ალენ ბოკშიჩითა და გერმანელი მსოფლიო ჩემპიონით, რუდი ფიოლერითაც გაძლიერდა.



ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებაში რვა კლუბი ორ ჯგუფში იყო განაწილებული, რომლის გამარჯვებულებიც პირდაპირ ფინალში ხვდებოდნენ ერთმანეთს. რემონ გუტალსის გუნდის მეტოქეები A ჯგუფში რეინჯერსი, ბრიუგე და მოსკოვის ცსკა იყვნენ.


მარსელმა პირველი მატჩი მთავარ კონკურენტ რეინჯერსთან სტუმრად გლაზგოში, ცივ და ქარიან საღამოს გამართა და ბოკშიჩისა და ფიოლერის გოლებით ინიციატივაც იგდო ხელთ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის ბოლოსკენ, სამწუთიან მონაკვეთში ფრე გაახერხეს. 


დეკემბერში ოლიმპიკმა შინ უპრობლემოდ 3:0 სძლია ბრიუგეს და ჯგუფს სათავეში მოექცა, გაზაფხულზე განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე კი მარსელელთა მისამართით პირველი ეჭვები გაჩნდა: „ლე ფოსენსმა“ 3 მარტს ბერლინში ფრედ ითამაშა ცსკასთან (მოსკოვის „ლუჟნიკები“ იმ დროს UEFA-ს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა), 17 მარტს კი „ველოდრომზე“ ქვა ქვაზე არ დატოვა „არმიელებისგან“ - 6:0.


ცსკა-ს ამხელა ანგარიშით წაგებას ბევრი არ ელოდა. მოსკოველებმა ხომ გათამაშების სტარტზე არც მეტი არც ნაკლები, იოჰან კრუიფის დამოძღვრილი ბარსელონა არ გაუშვეს ჯგუფურ ეტაპზე. მოგვიანებით, ცსკას მწვრთნელი გენადი კოსტილოვმა რუსულ გაზეთს ინტერვიუ მისცა, სადაც პირდაპირ თქვა, რომ მარსელის ხელმძღვანელობა მის რამდენიმე ფეხბურთელს სასტუმროში დაუკავშირდა და წაგების სანაცვლოდ ფული შესთავაზა. 


სკანდალი ცხადია, ამით არ დასრულებულა. ოლიმპიკის მცველი ჟან-ჟაკ ედელი, რომელსაც საკვანძო როლი ეკისრებოდა მარსელელთა შემდგომ სკანდალებში, თავის 2006 წლის ავტობიოგრაფიაში წერდა: „ჩვენმა წარმომადგენლებმა მოსკოველი ფეხბურთელებისთვის განკუთნილი სასმელი წყლის შეკვრები აიღეს და ჩვენს თვალწინ, ღიმილიანი სახით, ძალიან წვრილი შპრიცებით რა სითხე შეიყვანეს ბოთლებში, დღემდე არავინ არ იცის.“


აპრილის დასაწყისში რეინჯერსი გადამწყვეტი მატჩისთვის მარსელში ჩავიდა. გლაზგოელებს ინგლისელი ლიდერი მარკ ჰეიტლი ეკლდათ, რომელიც ბრიუგესთან გააძევეს. მილანსა და მონაკოში თამაშით ცნობილი ჰეიტლი „აიბროქსზე“ მიღებული წითელი ბარათისას უმალ მიხვდა, რომ რაღაც საეჭვო ხდებოდა. საქმე იმაშია, რომ 2011 წელს ინგლისელმა გაამხილა, თუ როგორ დაურეკა ბრიუგესთან მატჩამდე ფრანგულად მოსაუბრე ვიღაც „მეგობრის მეგობარმა“ და დიდი თანხის სანაცვლოდ სთხოვა, მომდევნო ტურში მარსელთან არ ეთამაშა... 


რეინჯერსის ისტორიული ფინალის მოლოდინში მყოფმა ფეხბურთელმა ბინძური შეთავაზება უარყო, თუმცა მარსელში თამაში საკამათო დისკვალიფიკაციის გამო მაინც არ მოუწია.



ბოლოსწინა ტურში „ველოდრომზე“ მარსელმა და რეინჯერსმა თითო ტაიმში თითო გოლი გაცვალეს და შეხვედრაც ფრედ 1:1 დასრულდა. ეს შედეგი პრაქტიკულად „ოლიმპიელთა“ ფინალს ნიშნავდა, რადგან ბოლო ტურში, ბრიუგეში ნებისმიერი ანგარიშით მოგება გუტალსის გუნდს მიუნხენში გასამგზავრებელ ბილეთს აძლევდა. 


ასეც მოხდა, ბელგიაში ოლიმპიკი ალენ ბოკშიჩმა მე-2 წუთზევე დააწინაურა, მეტი გოლი აღარც გასულა და სამხრეთ ფრანგული გუნდიც მეორედ მოხვდა უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირის ფინალში.


მილანთან ევროპულ ფინალამდე მარსელს საშინაო ჩემპიონობა ჰქონდა გასაფორმებელი, რაშიც გუნდს პსჟ და არსენ ვენგერის მონაკო ეცილებოდნენ. ოლიმპიკს „როსონერიმდე“ ვალანსიენში ჰქონდა სათამაშო. ბერნარ ტაპიმ ჟან-ჟაკ ედელი დაიბარა და უთხრა, ერთ დროს ნანტში მის თანაგუნდელებს, ახლა კი ვალანსიენის წევრებს: ხორხე ბურუჩაგას, ქრისტოფ რობერსა და ჟაკ გლასმანს ფულის სანაცვლოდ მარსელელთა წინააღმდეგ სუსტად ეთამაშათ...



ბინძურ შეთავაზებას არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი საბოლოოდ მაინც არ დათანხმდა, გლასმანმა და რობერმა კი საკუთარი ჯიბეები 250-250 ათასი ფრანკით შეივსეს. მარსელმა ის თამაში 1:0 მოიგო და ზედიზედ მეხუთედ იზეიმა ჩემპიონობა, რომელიც სწორედ ვალანსიენის ფეხბურთელების მოქრთამვაზე აგორებული სკანდალის გამო ჩამოერთვა, მეორეადგილოსანმა პარი სენ-ჟერმენმა კი ჩემპიონობაზე უარი თქვა.


დიდიე დეშანის მიერ ევროპული თასის აღმართვიდან ორ კვირაში საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმეში მარსელის სპორტული დირექტორი ჟან-პიერ ბერნესი ფიგურირებდა, ვისკენ თითიც ვალანსიენის მწვრთნელმა ბორო პრიმორაცმა გაიშვირა. 


ვალანსიენის ქრისტოფ რობერი ნამუსმა შეაწუხა და პოლიციასთან მოყვა, თუ როგორ მიიღო მისმა ცოლმა სასტუმროს პარკინგზე კონვერტში ჩადებული თანხა მარსელთან თამაშის წინ. ჟან-ჟაკ ედელი პოლიციასთან თავის მართლებას შეუდგა - მე მხოლოდ ზემდგომების დავალებას ვასრულებდიო... მოგვიანებით მან ასევე აღიარა, რომ მილანთან გასამართი ფინალის წინ ოლიმპიკის ყველა ფეხბურთელმა დოპინგი მიიღო, ერთადერთი კი, რომელმაც გუნდურ ინექციაზე უარი თქვა, რუდი ფიოლერი იყო.


ამ დროს სადაა ბერნარ ტაპი?! 1992 წლიდან იგი საფრანგეთის პარლამენტის წევრია და იმუნიტეტიც იცავდა, მაგრამ კორუფციაში მხილებულს პრივილეგიები მოეხსნა და რვა თვე საპატიმროშიც გაატარა. ტაპი ირწმუნებოდა, რაის მოსყიდვა, მე ისეთი მებრძოლი ფეხბურთელები მყავს, ერთმანეთისთვის თავსაც კი გაწირავენო... სასჯელის მოხდის შემდეგ მან მედიაში გადაინაცვლა, გაზეთ La Provence-ის მფლობელი გახდა და ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო გადაცემებში, როგორც მედია მაგნატი.


საბოლოოდ, მარსელელთა მიმართ სასჯელი მხოლოდ შიდა ჩემპიონატის ჩამორთმევით შემოიფარგლა, მომდევნო წლის ჩემპიონთა ლიგაზე კი პარიზელთა უარის გამო მონაკო გავიდა. ოლიმპიკს, რომლის დავალიანება საკმაოდ გაიზარდა, ასევე არ დართეს ნება, ეთამაშა 1993 წლის საკონტინენტათშორისო თასზე, სადაც მის ნაცვლად მილანი დაუპირისპირდა ბრაზილიურ სან-პაულოს. იმავე წელს გუნდი დატოვეს მანუელ ამორომ, ფრანკ სოზემ, ჟან-ჟაკ ედელიმ, მარსელ დესაიმ, ალენ ბოკშიჩმა და აბედი პელემ, მომდევნო წელს კი - დიდიე დეშანმა, რუდი ფიოლერმა, ჟოსელინ ანგლომამ, ერიკ დი მეკომ და ბაზილ ბოლიმ...


ასეთია პირველი ფრანგული ევროთასის ისტორია და გახმაურებული ტრიუმფი კლუბისა, რომელმაც ფეხბურთს მეკარე ფაბიენ ბარტეზი და დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მარსელ დესაი მისცა, ლიდერის უნარებით გამორჩეული დიდიე დეშანი და აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი და „ოქროს ბურთის“ მფლობელი ჟან-პიერ პაპენი, რომელმაც მარსელის ოლიმპიკის მაისურით ფინალი ცრვენა ზვეზდასთან წააგო, მილანში გადაბარგებულმა კი - მარსელთან. 


„ოლიმპიელთა“ გამარჯვება ჯერ კიდევ ისტორიულია, მაგრამ ისტორიაა მათი ბინძური ქრთამებისა და ტყუილების დიდ მორევში ყოფნაც, რომელმაც საფრანგეთის ლამაზ ზღვისპირა ქალაქის ისტორიასაც სამუდამოდ დაასვა შავი ლაქა.


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
მარსელი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

შეთანხმება შედგა - ობამეიანგი მარსელში ბრუნდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ობამეიანგი მარსელში ბრუნდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტიმოტი ვეა მარსელს უახლოვდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტიმოტი ვეა მარსელს უახლოვდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

Umeå: ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გრანდი

•
•ფეხბურთი
Umeå: ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გრანდი
•
•ფეხბურთი
News image

19 ივლ, 2025

შეთანხმება შედგა - ობამეიანგი მარსელში ბრუნდება

News image

16 ივლ, 2025

ტიმოტი ვეა მარსელს უახლოვდება

News image

15 ივლ, 2025

იბერია შვედეთშიც დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

News image

16 ივლ, 2025

Umeå: ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გრანდი