უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში იბერია 1999 მალმიოს ესტუმრა.
თბილისური შეხვედრა შვედების გამარჯვებით 1-3 დასრულდა და საქართველოს ჩემპიონს შვედეთში მცირე სასწაული სჭირდებოდა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის სტარტზე კი მასპინძლებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. 55-ე წუთზე ტაჰა ალიმ გახსნა ანგარიში, მე-60 წუთზე კი პონტუს იანსონმა გაზარდა სხვაობა ორამდე.
62-ე წუთზე ქართული გუნდის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მსაჯმა მოედნიდან არასპორტული საქციელის გამო გიზო მამაგეიშვილი გააძევა.
შეხვედრის ბოლოს კიდევ 2 გოლი ვიხილეთ. 89-ე წუთზე ტაჰა ალიმ დუბლი შეასრულა, კომპენსირებულ დროში კი ამირან ძაგანიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ორმატჩიან დუელში იბერია 2-6 დამარცხდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც მეტოქე ესტონური ლევადია იქნება, რომელმაც თავის მხრივ ლატვიურ RFS-თან წააგო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
ქართული და ესტონური გუნდების მატჩები 24 და 31 ივლისს გაიმართება.