საქართველოს წყალბურთის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-2 დივიზიონის 1/2 ფინალში, დღეს გერმანიის ნაკრებს შეხვდება.
ჩვენმა გუნდმა, ჯგუფური ეტაპის დაძლევის შემდეგ, 1/8 ფინალში თურქეთს 7-ბურთიანი სხვაობით მოუგო, 1/4 ფინალში კი უკრაინას 9 ბურთით აჯობა და მთავარ სანაკრებო ტურნირზე გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
რაც შეეხებათ გერმანელებს, მათ ჯგუფური ეტაპი მე-7 პოზიციაზე დაასრულეს (საქართველომ - მე-10-ზე), პლეი-ოფში კი ჩინეთსა (14:8) და ავსტრალიას (14:11) აჯობეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ნაკრები მე-2 დივიზიონში ასპარეზობს, მსოფლიო ჩემპიონატის სუპერ ფინალის საგზურის მისაღებად საუკეთესო 2 გუნდში მოხვედრა სჭირდება და თუკი გერმანელებს მოუგებს, ეს მიზანი მიღწეული იქნება.
მსოფლიო ჩემპიონატის 8-გუნდიანი სუპერ ფინალი, 22-26 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას, მასპინძელი ავსტრალიისა და უკვე ნახსენები მე-2 დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდის გარდა, 1-ელი დივიზიონის 5 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა შეხვედრა 20:00 საათიდან დაიწყება.
ერთი ნაბიჯი სუპერ ფინალამდე - საქართველო მსოფლიოს საკვალიფიკაციოს 1/2 ფინალშია
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია