მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი ახვლედიანმა საქართველოს ნაკრებს მე-2 ოქროს მედალი მოუტანა.
52 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში, ქართველმა მოკრივემ თურქ იაღიზ ქიმაზს აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ახვლედიანამდე, ჩვენს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა ელენე ქარჩავამ, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონი ქალია. ვერცხლის მედალი მოიგო ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ.), ხოლო თორნიკე სიმონიშვილი (40 კგ.), საბა კერძევაძე (44 კგ.) და ჯონი ხაბურზანია (46 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
საქართველოს ნაკრებს კიდევ 3 მედალი აქვს განაღდებული, რადგან ფინალში არიან და ოქროს მოგებას შეეცდებიან: დავით ალიხანაშვილი (54 კგ.), ალექსი გუნია (60 კგ.) და გიგი არჩაია (70 კგ.).
საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ევროპირველობაზე 14 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ტურნირს, ყველა ვარიანტში, 9 მედლით დაასრულებს.