საბა მამაცაშვილის კალმარმა, შვედეთის სუპერეტას 28-ე ტურში, სუნდსვალს სტუმრად 2:0 მოუგო, რაშიც ქართველმა წვლილი საგოლე პასით შეიტანა.
53-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, საბამ ასისტი ლარს საეტრაზე გააკეთა და კალმარი დაწინაურდა. დამატებულ წუთებზე გუნდმა მეორეც შეაგდო, იქამდე კი - 89-ე წუთზე, მამაცაშვილი შეცვალეს.
იბერია 1999-ის ყოფილი ფეხბურთელი კალმარს აგვისტოში, იჯარის წესით, შეუერთდა და მას შემდეგ სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში თამაშობს - ზედიზედ მე-11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი და 2 ასისტი აქვს.
მამაცაშვილი კვლავაც უმაღლესი ლიგის გუნდ სირიუსის საკუთრებაში რჩება - იქ 2024 წლის აგვისტოში, 200 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, კალმარს 61 ქულა აქვს და ლიდერობას ინარჩუნებს - ვასტერასს 2 ქულით უსწრებს. უმაღლეს ლიგაში 2 გუნდი პირდაპირ გადადის.
არის შანსი, მამაცაშვილის გუნდმა დაწინაურება მომდევნო ტურში გაინაღდოს, როცა უშუალო კონკურენტ მე-3 ადგილოსან იორგრიტეს სტუმრად შეხვდება - გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულაა და კალმარს ფრეც ეყოფა.