-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიას უფროსი ძმა, კატარში მექსიკელ სანტიაგო ლუნას (8-1) დაუპირისპირდება. ლუნა კიდევ ერთი პერსპექტიული მებრძოლია, რომელთან შეხვედრაც „დამპყრობლის“ მიმართ არსებულ დიდ მოლოდინებს გამოცდის.
ალექსანდრეს კი საკუთარი ისტორიის დაწერა სურს. სწორედ ამ თემებზე სანდრომ ესპანურ გამოცემა MARCA-სთან ისაუბრა.
1 წლის შემდეგ იმავე ადგილას ბრუნდებით, სადაც ბოლო ბრძოლა ჩაატარეთ. როგორ გრძნობთ თავს?
შესანიშნავად. თავს მზად ვგრძნობ. ეს არის ჩემი პასუხი. ახლა გამარჯვების ძალიან დიდი შიმშილი მაქვს, ძალიან დიდი, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. თავს კვლავ შესანიშნავად ვგრძნობ და ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.
მოგვიყევით თქვენი 2026 წლის შესახებ. 2025 წელი წარმატებით დაასრულეთ, მამა გახდით, შემდეგ იყო თეთრ სახლში მომხდარი ამბავი... ბევრი რამ მოხდა.
ეს წელი ბევრი რამის სწავლის პერიოდი იყო. ბევრი რამ მოხდა, მათ შორის საკმაოდ მძიმე და დაძაბული მოვლენებიც, მაგრამ ამ ყველაფრიდან ბევრი ვისწავლეთ. ბევრ რამეს მივაღწიეთ.
ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო. ყველაფერი ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც გეგმავ, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველთვის უნდა ეცადო, დადებითი მხარე დაინახო, არა?
როდესაც ყველა იმ რთულ მომენტს გადალახავ და ყველაფერი დასრულდება, უკან იხედები და საკუთარ თავს ეუბნები: ,,კარგი, მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, ამავდროულად ეს, ეს და ეს კარგი რამეც მოხდა."
ასე რომ, ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად გვაქვს."
მახსოვს, ალმახანის დამარცხების შემდეგ მითხარით, რომ 2026 წელს მინიმუმ 2 ბრძოლის ჩატარება გსურდათ. ეს მიზანი ვერ შესრულდა. ალბათ, მოვლენების სხვაგვარად განვითარებას ისურვებდით...
დიახ, რა თქმა უნდა. ნამდვილად მინდოდა 2 ბრძოლის ჩატარება, როგორც მგონი უკვე გითხარით. წელიწადში 2 ბრძოლა ჩემთვის იდეალურია. 3 ბრძოლა კი კიდევ უკეთესი სცენარი იქნებოდა. მაგრამ მოვლენები ასე განვითარდა და ეს არის რეალობა, რომელსაც ვიღებთ.
არ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. 100 პროცენტით კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც წინ მელოდება. ამიტომ თავს კარგად ვგრძნობ და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ახლა განვიცდი.
ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თქვენს მეტოქე სანტიაგო ლუნას, ამ ბრძოლაში თქვენზე მეტად აქვს მოსაგები. ის მარცხის შემდეგ ბრუნდება, თქვენ კი ზედიზედ 2 გამარჯვება გაქვთ და უფრო ცნობილი მებრძოლი ხართ. თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში მისგანაც ბევრის მიღება შეგიძლიათ.
მე ამ საკითხს ასე არ ვუყურებ. არ ვაძლევ უფლებას იმაზე ფიქრს, ვინ უკეთეს მდგომარეობაშია და ვინ უარესში, ჩემზე გავლენა მოახდინოს. არავის ვუყურებ ზემოდან, რადგან თავადაც ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში. არც ვინმეს ვაკნინებ, რადგან ვიცი, სად მინდა მივიდე.
ამიტომ ვცდილობ, რეალობის შეგრძნება არ დავკარგო და ასეთ საკითხებზე არ გავამახვილო ყურადღება, რადგან ეს ჩემს ენერგიას ფანტავს. ჩემი მიდგომა განსხვავებულია. ჩემ წინაშე უბრალოდ კიდევ ერთი მეტოქეა, რომელიც უნდა დავამარცხო. მორჩა.
არ მაინტერესებს, ჩემზე წინ არის თუ უკან. ეს სხვების საქმეა, იფიქრონ, გამოთვალონ, ვინ რას იმსახურებს, ვინ ვისზე მაღლა დგას, ვის უფრო მეტი აქვს მოსაგები და ვის ნაკლები. ეს ყველაფერი გარედან მოდის.
ანალიზის გაკეთება რომ მინდოდეს, შეგვეძლო ამ საკითხზეც გვესაუბრა, ვინ წინ არის და ვინ უკან. მაგრამ ახლა, ჩემი კარიერის ამ ეტაპზე, ასეთ რამეებზე არ ვარ კონცენტრირებული. ჩემი ყურადღება სრულიად სხვა მიმართულებითაა."
როგორი ბრძოლის მოლოდინი გაქვთ? თიქნესისა და ალმახანის წინააღმდეგ ორივე შეხვედრას აკონტროლებდით და როგორც დგომში, ისე ჭიდაობაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდით.
ბრძოლაზე კონტროლი უნდა მოვიპოვო და ამას აუცილებლად გავაკეთებ. არ ვაპირებ, ვინმეს თამაშს ავყვე. ჩემს ბრძოლას ჩავატარებ.
სხვა არაფერზე ვარ კონცენტრირებული და არც სხვა რამეზე ვფიქრობ. არ ვფიქრობ იმაზე, როგორ დავიცვა თავი კონკრეტული მოქმედებისგან. ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას.
თუ საჭირო გახდება, რომ ოქტაგონის ცენტრში დავდგეთ, რადგან ვიღაცას საკუთარი ბრძოლის წარმართვა არ სურს, კარგი, მაშინ ასეც მოვიქცევით."
რამდენიმე დღის წინ ილიამ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2028 წელს ან 2029 წლის დასაწყისში UFC-ის ჩემპიონად გხედავთ. იმავეს ამბობს UFC-ის კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი მოლოდინები თქვენს პოტენციალსა და მომავალთან დაკავშირებით?
,,შეხედეთ, ეს მისი ნათქვამია, არა? ჩვენ ასეთ საკითხებზე ერთმანეთთან არ ვსაუბრობთ. ანუ, მასთან არ მაქვს ისეთი საუბრები, როგორიცაა: „შენ რას ფიქრობ, კარგი მებრძოლი ვარ თუ ცუდი?“ და ასე შემდეგ.
ჩვენ შორის ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება. შემდეგ არის ინტერვიუები და ყველა იმას ამბობს, რასაც ფიქრობს, არა? მე ყოველთვის ღიად მითქვამს, რას ვფიქრობ თითოეულ მათგანზე. ალბათ, ისინიც იმას ამბობენ, რასაც ჩვენზე ფიქრობენ.
რა თქმა უნდა, ამის მოსმენა მიხარია, მაგრამ არ ვაძლევ უფლებას, ასეთმა განცხადებებმა ჩემზე გავლენა მოახდინოს. არც ზედმეტად აღვფრთოვანდები და არც ამას რაიმე მოთხოვნად ან დამატებით ზეწოლად აღვიქვამ.
მე ჩემი საკუთარი ისტორია მაქვს. მათ კი საკუთარი მოსაზრებები აქვთ. ვიღაც ძალიან კარგია, ვიღაც ცუდია, ვიღაც ჩემპიონი გახდება და ასე შემდეგ. ისინი იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ, რადგან სწორედ ასეთი შეხედულება აქვთ.
მთავარია, მე როგორ მივიღებ ამ ყველაფერს, ორივე ფეხით მიწაზე უნდა ვიდგე და რეალობის შეგრძნება არ დავკარგო. სწორედ ეს არის ჩემი სიძლიერე. სწორედ ეს მაძლევს საშუალებას, მზად ვიყო ყველაფრისთვის, რაც მომავალში მელოდება."
ალექსანდრე თოფურიასა და სანტიაგო ლუნას ბრძოლა 21 ნოემბერს გაიმართება. წინასწარი ქარდი 19:00 საათზე დაიწყება.
,,სერიოზული წარმატების პოტენციალი აქვს" - UFC ალექსანდრე თოფურიაზე

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები