კილიან მბაპე მადრიდის რეალის შეტევის მთავარ ძალად რჩება, რაც მის სტატისტიკაშიც იდეალურად ისახება - ფრანგ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში უკვე 17 გოლი, 3 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტი აქვს (ჯამში 22 შედეგიანი მოქმედება).
თუმცა, ჟოზე მოურინიოს გუნდში იდეალური სიახლე აქვთ, რადგან მადრიდელები შეტევაში მხოლოდ ერთ მოთამაშეზე აღარ არიან დამოკიდებულნი.
ესპანური გამოცემა Marca-ს ანალიზით, მოურინიომ სამი ფეხბურთელისგან ერთგვარი "ახალი მბაპე" შექმნა. არდა გიულერის (5 გოლი, 5 ასისტი), ჯუდ ბელინგემისა (5 გოლი, 4 ასისტი) და იან დიომანდეს (4 გოლი, 1 ასისტი) ერთობლივი მონაგარი 24 შედეგიან მოქმედებას უტოლდება. ეს ტრიო მოედანზე ფაქტობრივად მეორე მბაპეს ფუნქციას ასრულებს, რაც გუნდს ბევრად უფრო მრავალფეროვანსა და სახიფათოს ხდის.
ამ შემტევი პოტენციალის წყალობით, რეალმა ზედიზედ 8 მატჩი მოიგო და ამ პერიოდში 24 გოლი გაიტანა (საშუალოდ 3 გოლი თამაშში). შედეგიანობის ასეთმა ზრდამ მადრიდელები სატურნირო ცხრილში ბარსელონასთან კიდევ უფრო დააახლოვა. ჰანსი ფლიკის გუნდმა, რომელმაც სეზონი ფენომენალურად (36 გოლი 8 მატჩში) დაიწყო, ბოლო პერიოდში შეტევაში ტემპი ოდნავ დააგდო, რითაც მოურინიოს შეგირდებმა შესანიშნავად ისარგებლეს.