ესპანური მედიის (AS) ინფორმაციით, შაბათს, მადრიდის რეალის გენერალურ ასამბლეაზე ფლორენტინო პერესი უმნიშვნელოვანესი სიტყვით გამოვა.
პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თემა კლუბის ეკონომიკური სტაბილურობა, სპორტული სამართლიანობა და მთავარ კონკურენტებთან დამოკიდებულება იქნება.
პერესი აპირებს, ბარსელონა კლუბის ისტორიულ მტრად გამოაცხადოს და ხაზი გაუსვას, რომ კატალონიელებთან შერიგება სრულიად შეუძლებელია. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი პირდაპირ აღნიშნავს ჟოან ლაპორტასთან გაფუჭებულ ურთიერთობას (რომელიც მისი მეგობარი აღარ არის) და ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის პოლიტიკასაც მკაცრად გააკრიტიკებს. სამაგიეროდ, მადრიდელები უეფასთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავენ.
ასამბლეის კიდევ ერთი უმთავრესი მოვლენა ლეგენდარული ჩოგბურთელის, რაფაელ ნადალის დირექტორთა საბჭოში დანიშვნის ოფიციალური რატიფიცირება იქნება.
რეალის ხელმძღვანელობას დელეგატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, რასაც სეზონის სტარტზე გუნდის სტაბილურმა თამაშმა და გულშემატკივრების საყოველთაო ნდობამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.