კატალონიის ბარსელონა ინტერის ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის დამატებას კვლავ აქტიურად განიხილავს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ესპანურმა კლუბმა ახალი შიდა შეხვედრები უკვე ჩანიშნა, რათა იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები განიხილოს. ბარსელონა ბასტონის გადაბირებას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდა, თუმცა მაშინ მილანელებისგან უარი მიიღო. ახლა კატალონიელებს სერიოზული კონკურენტის, პრემიერ ლიგის ბინადარ ჩელსის წინააღმდეგაც მოუწევთ ბრძოლა.
მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის დიდი სურვილისა, გარიგებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ბარიერი აქვს. მთავარ პრობლემას ჰანსი ფლიკის ტაქტიკური შეხედულებები წარმოადგენს, გერმანელი სპეციალისტი არ არის დარწმუნებული, რამდენად კარგად მოერგება ბასტონი მის ოთხმცველიან სათამაშო სქემას. გარდა ამისა, ინტერი საკუთარ ვარსკვლავს 70 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ბარსელონასთვის საკმაოდ სოლიდური ფინანსური მოთხოვნაა.
ბასტონის ამჟამინდელი კონტრაქტი ინტერში 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მართალია, მხარეებს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა პროცესი ძალიან ნელა ვითარდება. საბოლოო გადაწყვეტილებას ბარსელონას სპორტული დირექტორი, დეკო და ჰანსი ფლიკი უახლოეს შეხვედრაზე მიიღებენ, სადაც გაირკვევა, ღირს თუ არა ფინანსური და ტაქტიკური რისკების ფასად იტალიელი მცველის ტრანსფერზე ოფიციალური მუშაობის დაწყება.