-
Aa
+
ფონტის ზომა
სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი „ლივერპულში“ ნახვისთანავე მოჯადოვდნენ მისით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო დონის თავდამსხმელად ჩამოყალიბებაში საკვანძო როლი მას მიაწერა, ხოლო ჩავი „ბარსელონაში“ კარიერის საწყის ეტაპზე შთაგონებული სწორედ მისი ოსტატობით, შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით იყო… და მაინც, ყველა ეს ცნობილი ფეხბურთელი იარი ლიტმანენს მაშინ შეხვდა, როდესაც „მეფის“ (ფინ. Kuningas) მეტსახელით ცნობილი ფინელი ვარსკვლავი თავისი იდეალური სათამაშო ფორმისგან უკვე შორს იყო და მოედანზე ვეღარ აჩვენებდა იმ გასაოცარ შესაძლებლობებს, რითიც მანამდე გამოირჩეოდა.
უმაღლესი კლასის შემტევი ნახევარმცველი, ფინელ ფენომენად წოდებული იარი ლიტმანენი „აიაქსის“ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევა. უზადო ტექნიკით, მოედნის საოცარი ხედვითა და გოლის გატანის ალღოთი იგი მოკრძალებული საწყისებიდან ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფამდე და მსოფლიო მასშტაბის აღიარებამდე მივიდა. მართალია, მუდმივმა ტრავმებმა ლიტმანენის მომაჯადოებელი უნარები ნაადრევად დაასუსტა, თუმცა მას არასდროს დაუკარგავს ის დიადი აურა, ფეხბურთისადმი დამოკიდებულება თუ მისდამი უსაზღვრო თავდადება, რაც უხვად ჰქონდა.
იარი ოლავი ლიტმანენმა კარიერა მამის მსგავსად, მშობლიურ ქალაქ ლაჰტის „რეიპასში“ დაიწყო და 17 წლის ასაკში არაფრით გამორჩეული ფინური ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავად გააცნო თავი ქომაგებს, ვუნდერკინდის მზარდი რეპუტაცია კი კიდევ უფრო აიმაღლა.
1990 წლის ფინეთის საფეხბურთო პირველობა ლიტმანენისთვის ფანტასტიკური სეზონით დაგვირგვინდა და 19 წლის ასაკში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მოუტანა.
ტრიუმფატორი ახალგაზრდა დასასვენებლად ორი კვირით ბარსელონაში გაგზავნეს. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა იუკა ვაკილამ მას „ბარსას“ სარეზერვო გუნდთან ერთად ვარჯიშის ნება დართო, თუმცა ამის ნაცვლად, ლიტმანენმა მიკაელ ლაუდრუპის, ხრისტო სტოიჩკოვისა და პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ გამოსცადა საკუთარი თავი.
„იმ ვარჯიშის წინა საღამოს ჩემი სასტუმროს ნომერში ტელეფონმა დარეკა, უცხო ხმა ინგლისურად მეკითხებოდა: იარი ლიტმანენი ხარ? მე იოჰან კრუიფი ვარ, „ბარსელონას“ მწვრთნელი, მიცნობთ? გავიფიქრე, ვიღაც მეხუმრება-მეთქი… აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. იოჰანმა მითხრა, რომ მეორე დღეს მისი ასისტენტი გამომივლიდა და „ბარსელონას“ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მომეცემოდა“, — იხსენებს ფინელი ვარსკვლავი.
ერთი თვის შემდეგ ლიტმანენი ჰოლანდიურ „პსვ“-ში მიიწვიეს და ბობი რობსონის ხელმძღვანელობით ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა, თუმცა ტრანსფერი მაინც არ შედგა. იგი „რეიპასში“ დაბრუნდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მისი გაყიდვა გახდა საჭირო და საბოლოოდ ჰელსინკის „ჰიკ“-ში გადავიდა.
ფინური ფეხბურთის გრანდის მაისურით ლიტმანენმა 1991 წლის ჩემპიონატის 27 მატჩში 16 გოლით გამოიჩინა თავი და ქვეყნის პირველ ლიგაში ახლადაღზევებულ „მიუპა“-ს მიაშურა.
ლიტმანენის კალიბრის მოთამაშისთვის სოფლის გუნდად წოდებულ „მიუპა“-ში გადასვლა ნამდვილი შოკი იყო, მაგრამ ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი კამპმანმა, რომელიც ლიტმანენების ოჯახის ახლო მეგობარი იყო.
„მიუპა“-ს მიერ თითქმის 20-წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებისას, პატარა დასახლების საფეხბურთო კლუბში იარი ლიტმანენი სამი ჰიუპიასთან ერთად მივიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში ჩატარებულ 18 თამაშში ლიტმანენმა მხოლოდ შვიდი გოლი მიითვალა, ახალი გუნდის მაისურით გატანილი მისი საუკეთესო გოლი ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანიც გამოდგა: 1992 წლის ფინეთის თასის ფინალის 89-ე წუთზე გარე ტერფით შესრულებული ფანტასტიკური ჩახვეული დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაავლო და მიულიუკოსკელებს გამარჯვება მოუტანა.
ლიტმანენმა ფინეთის წლის ფეხბურთელის კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა და „აიაქსის“ სკაუტი ტონ პრონკი დაარწმუნა, ამსტერდამში მწვრთნელ ლუი ვან გაალთან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნებულიყო.
ერთი კვირის შემდეგ, 21 წლის იარი „აიაქსში“ სინჯებზე ჩავიდა და კონტრაქტიც გააფორმა, თუმცა ვან გაალი სულაც არ იყო აღფრთოვანებული მისი პირველი ამხანაგური თამაშით მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე და მზად იყო, ლიტმანენი უკან ფინეთში გაეშვა.
შემდეგი მატჩისთვის ამსტერდამულ გრანდს დენის ბერგკამპი ტრავმის გამო გამოაკლდა და ლიტმანენსაც თავისი საყვარელი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის უფლება მიეცა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა და დიდ კარიერას ჩაუყარა საფუძველი.
ერთი წლის შემდეგ ბერგკამპი და ვიმ იონკი მილანის „ინტერში“ გაიყიდნენ, ხოლო გამოცდილი ფრანკ რაიკაარდი „მილანიდან“ ამსტერდამში დაბრუნდა, ამ ყველაფერმა კი ლიტმანენს ძირითადი შემადგენლობის 10-ნომრიანი პოზიცია არგუნა.
„ბერგკამპი და იონკი ფანტასტიკური ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ რაიკაარდმა და ლიტმანენმა გუნდში უკეთესი ბალანსი შექმნეს, მათთან ერთად დაუმარცხებლები გავხდით“, — გაიხსენა ლუი ვან გაალმა.
უფერული პირველი ჰოლანდიური სეზონის (14 მატჩი, 1 გოლი) შემდეგ ლიტმანენი მარკ ოვერმარსთან, რონალდ დე ბურთან, ედგარ დავიდსთან და კლარენს ზეედორფთან ჩინებულად შეთამაშდა და 1993-94 წლების ერედივიზი გუნდთან ერთად მოიგო, თავად კი 30 შეხვედრაში გატანილი 26 გოლით ნიდერლანდების პირველობის ბომბარდირი გახდა.
„მეგონა, რომ ათიანის პოზიცია იარისთვის იყო შექმნილი. მისი პოზიციური ალღო გამორჩეული იყო. იგი მოქმედებდა როგორც მეორე თავდამსხმელად, ისე - ნახევარმცველად, რამაც ის ჭეშმარიტ გუნდურ მოთამაშედ აქცია. ლიტმანენი ორივე ასპექტში ბრწყინავდა“, — თქვა „აიაქსის“ ყოფილმა კაპიტანმა დენი ბლინდმა.
როტერდამის „დე კუიპზე“ მასპინძელი „ფეიენოორდის“ 4:0 განადგურებისას დუბლის შესრულების შემდეგ, ლიტმანენს ჩემპიონატის საწყის 20 მატჩში უკვე 21 გოლი ჰქონდა გატანილი. პოპულარული ვარცხნილობა „მალეტის“ მქონე ფინელი ფენომენი მტკივნეულ ეკლად იქცა „აიაქსის“ მეორე მთავარ კონკურენტ „პსვ“-სთვისაც.
„იარი დრიბლინგზე არ იყო ორიენტირებული. ის იყო სრულყოფილი პირველ შეხებასა და იმის ზუსტ ცოდნაზე, როდის მოწყვეტოდა მეტოქეს, ასევე - დროის უზადო შერჩევასა და გოლების გატანის ბუნებრივ ალღოზე. ყველა ეს თვისება მას უნიკალურს ხდიდა“, — აღნიშნა რონალდ დე ბურმა ნიდერლანდურ ტელეშოუში იმ ეპოქის გახსენებისას.
მომდევნო სეზონში „აიაქსი“ თითქმის დაუმარცხებელი აღმოჩნდა და ტრებლის შესრულებაში მხოლოდ ქვეყნის თასის მეოთხედფინალში, გათამაშების მომავალ გამარჯვებულ „ფეიენოორდთან“ დამატებით დროში განცდილმა მარცხმა შეუშალა ხელი.
„აიაქსმა“ ჩემპიონობა იოლად მოიპოვა და მეორეადგილოსანი კერკრადეს „როდა“ შვიდი ქულით მოიტოვა უკან. ლიტმანენის 17 გოლი ერედივიზის საუკეთესო ბომბარდირის პრიზისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მისმა თინეიჯერმა თანაგუნდელმა პატრიკ კლაივერტმა გაიბრწყინა, თუმცა ბრაზილიელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა ორივეზე ბევრად წინ იყო — მესამეადგილოსან „პსვ“-ში გატანილი 30 გოლით.
შიდა დომინაციის მიუხედავად, ლუი ვან გაალის ახალგაზრდა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე შანსს ცოტა თუ აძლევდა, მაგრამ მათ შეძლეს, ყველაზე საშიშ გამოწვევებსაც კი გამკლავებოდნენ უპრესტიჟულეს ევროტურნირზე.
ფაბიო კაპელოს დამოძღვრილი „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორი იყო, რომელმაც 1994 წლის ფინალში იოჰან კრუიფის ნაქები „ბარსელონა“ 4:0 გაანადგურა და „აიაქსის“ ჭაბუკი ფეხბურთელებიც აღტაცებულები იყვნენ, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე პაოლო მალდინის, ფრანკო ბარეზის, რობერტო დონადონის, დეიან სავიჩევიჩის, ზვონიმირ ბობანისა და რუუდ გულიტის პირისპირ დადგნენ.
„პირველი თამაში სახლში გვქონდა და არანაირ წნეხს არ ვგრძნობდით, რადგან ყველა უბრალოდ ჩვენს წაგებას ელოდა“, — უთხრა ლიტმანენმა FourFourTwo-ს.
მას შემდეგ, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში რონალდ დე ბურმა მასპინძლები დააწინაურა, ოვერმარსმა შორეულ ძელთან უმეთვალყურეოდ მყოფი ლიტმანენი მოძებნა და მან სებასტიანო როსის ძლიერი დარტყმით გაუტანა, რამაც „აიაქსს“ თავდაჯერებულობა და სიმტკიცე შეემატა.
ორი კვირის შემდეგ ამსტერდამელთა ფინელმა ათიანმა ათენის „აეკ“-თან ე.წ. ქამბექს უხელმძღვანელა: ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი კლაივერტს გამარჯვების გოლი გაატანინა. ლიტმანენმა ასევე მნიშვნელოვანი გოლი მიითვალა შინ „კაზინო ზალცბურგთან“ (ამჟამინდელი „რედ ბულ ზალცბურგი“) ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში.
სტუმრად იტალიაში განმეორებითი შეხვედრის დაწყებიდან ორ წუთში ფინელმა ლიდერმა „როსონერის“ მცველებს აჯობა, ბურთი დაიმორჩილა და ანგარიში სწრაფი გოლით გახსნა, რასაც მეორე ტაიმში ბარეზის ავტოგოლი მოყვა და ამსტერდამელებმაც კაპელოს გუნდი კვლავ 2:0 დაამარცხეს.
ჯგუფში ხუთქულიანი უპირატესობით პირველი ადგილის დაკავებისა და მეოთხედფინალში სპლიტის „ჰაიდუკის“ 3:0 ძლევის შემდეგ, „აიაქსი“ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერთან“ ბევრი მომენტი შექმნეს, ვან გაალის ფეხბურთელებმა მიუნხენში ჯოვანი ტრაპატონის გუნდის დაცვა ვერ გატეხეს. სამაგიეროდ, ამსტერდამულ მატჩში სულ სხვა სურათი დაიხატა.
„ბაიერნის“ რბევას სათავე სწორედ იარი ლიტმანენმა დაუდო, როდესაც თავური დარტყმით ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ბავარიელებმა გაიბრძოლეს და მარსელ ვიტეჩეკის გოლით გაათანაბრეს. ამსტერდამელებმა მალევე გააცნობიერეს, რომ ეს ანგარიში სტუმრებს აძლევდათ ხელს და ტაიმის დასრულებამდე ფინიდი ჯორჯისა და რონალდ დე ბურის ორი გოლით დასაჯეს მეტოქე.
მეორე ნახევრის დასაწყისშივე „მეფემ“ მოხდენილი მოძრაობებითა და ზუსტი დარტყმით ყველანაირი ეჭვი გააქარწყლა, მარკ ოვერმარსმა კი შეხვედრის მიწურულს „ბაიერნს“ მეხუთე ბურთი გამოატანინა კარიდან.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადამწყვეტი მატჩის წინ ლიტმანენი შეუძლოდ გახდა და იყო რეალური საფუძველი, ფინელ შემტევს თამაში გამოეტოვა.
„ვერ ვიძინებდი და დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით ვისვენებდი, თვალები ჩაწითლებული მქონდა, ყელი მტკიოდა და თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. ორშაბათს ვან გაალმა მკითხა, შეეძლო თუ არა ჩემი იმედი ჰქონოდა ოთხშაბათს ფინალში სათამაშოდ, რა თქმა უნდა, დავთანხმდი“. — იხსენებს ფინელი.
ფინელი ნახევარმცველი ნაცნობ, თუმცა მრისხანე მეტოქე „მილანთან“ სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, მაგრამ მარსელ დესაის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა. საბოლოოდ, 70-ე წუთზე ვან გაალმა ცვლილება განახორციელა და ლიტმანენის ნაცვლად მინდორზე კლაივერტი შეიყვანა. თხუთმეტი წუთის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდმა რაიკაარდის გადაცემით შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.
„იმ სეზონში მილანელებთან ჩატარებული სამი მატჩიდან ყველაზე ცუდი ფინალი იყო, მაგრამ მოვიგეთ. პატრიკ კლაივერტი ჩემ ნაცვლად შემოვიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ვეხუმრები ხოლმე, რომ მახინჯი გოლი იყო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ“, — აღნიშნა ლიტმანენმა.
მომდევნო სეზონში „აიაქსი“ კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ერედივიზიში ზედიზედ მესამე გამარჯვებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გარდა, ლიტმანენი ცხრა გოლით ევრტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
სტუმრად „ფერენცვაროშთან“ (1:5) ჰეთ-თრიქის შესრულების შემდეგ, იარიმ მადრიდის „რეალთან“ ასევე სტუმრად გაიტანა, როდესაც „აიაქსმა“ მადრიდში 2:0 მოიგო. ამას „ფერენცვაროშთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში შესრულებული დუბლი მოყვა.
როდესაც ნიდერლანდურმა გუნდმა „პანათინაიკოსთან“ ნახევარფინალის პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში კჟიშტოფ ვაჟიხას გოლით წააგო, სწორედ ლაჰტიში დაბადებულმა ვარსკვლავმა გაიტანა საპასუხო მატჩში ორჯერ, საბერძნეთში დაპირისპირება შემოატრიალა და ამსტერდამელებს „იუვენტუსის“ წინააღმდეგ რომში გასამართი ფინალის საგზური მოუპოვა.
„აიაქსის“ შემადგენლობაში არსებული ბევრი ტალანტის მიუხედავად, „ბიანკონერიმ“ მთავარ საფრთხედ სწორედ ჩრდილოელი რაინდი აღიქვა. მას შემდეგ, რაც ფრანკ დე ბურისა და ედვინ ვან დერ სარის გაუგებრობამ მე-12 წუთზე ფაბრიციო რავანელის გატანის საშუალება მისცა, „აიაქსი“ ლიტმანენის სწრაფ აზროვნებას დაეყრდნო ანგარიშის გასათანაბრებლად: დე ბურის საჯარიმო დარტყმა ანჯელო პერუციმ მოიგერია, მაგრამ ლიტმანენი იქვე აღმოჩნდა, მცველს ფიზიკური ძალით აჯობა და ეპიზოდი გოლით დაასრულა. მატჩი პენალტებამდე მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ „მეფემ“ თავისი დარტყმა გამოიყენა, მარჩელო ლიპის „იუვენტუსმა“ თერთმეტმეტრიანების სერია 4:2 მოიგო.
იარი ლიტმანენი 90-იანი წლების ბოლომდე დარჩა „აიაქსში“, მაგრამ ის დიდებული გუნდი ბოსმანის წესის მიღების შემდეგ, სხვა ევროპულმა კლუბებმა დაშალეს. წლების განმავლობაში მომგებიანი შეთავაზებების მუდმივად უარყოფის შემდეგ, ფინელმა გამთამაშებელმა საბოლოოდ ვან გაალთან, დე ბურებთან, კლაივერტთან და უინსტონ ბოგარდთან გაერთიანება არჩია და „კამპ ნოუზე“ დაბრუნდა.
„1999 წელს სამმა კლუბმა გააკეთეს შეთავაზება: „ლივერპულმა“, „ბარსელონამ“ და მიუნხენის „ბაიერნმა“. „ბარსას“ არჩევა რთული არ ყოფილა, მათ ხომ ისეთივე ფილოსოფია ჰქონდათ, როგორიც „აიაქსს“. ეს ორი სხვადასხვა კლუბია, რომლებიც ერთი და იმავე საძირკვლიდან არიან აგებულნი. გვარდიოლას ნათქვამი ხომ გაგიგიათ: კრუიფმა სამლოცველო ააშენა, ჩვენ კი მხოლოდ მოვხატეთო“, — გაიხსენა ფინელმა The Guardian-თან ინტერვიუში.
ლიტმანენის იმედები, რომ „ბარსელონაში“ „აიაქსის“ ჯადოსნობას გაიმეორებდა, ტრავმებმა კატალონიური კარიერის დასაწყისშივე გაანადგურა, ხოლო ვან გაალმა მიანიშნა, რომ მას ახალ გარემოსთან ადაპტაციისთვის ხასიათი ან პიროვნულობა აკლდა. 1999-2000 წლების სეზონში, როდესაც „ბლაუგრანამ“ ერთი ტიტულიც კი ვერ მოიგო, ლიტმანენმა 32 მატჩიდან მხოლოდ 18-ში დაიწყო სასტარტოში, შემდეგ კი საერთოდ აღარ იყო განაცხადში, სანამ მომდევნო სეზონის შუაში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლივერპულში“ გადაბარგდებოდა.
„18 ან 19 წლის ვიყავი და ჩემთვის რთული დრო იდგა, იარი ძალიან დამეხმარა. ყოველთვის პოულობდა რამე გამამხნევებელს სათქმელად. გაოცებული ვიყავი, რომ მძიმე ვარჯიშის შემდეგაც კი იგი რჩებოდა და მარტო ვარჯიშობდა. მისი ტექნიკა და ტაქტიკური ალღო ჩვენთვის, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, მაგალითი იყო“, — ამბობს ჩავი 2012 წლის დოკუმენტურ ფილმში Kuningas Litmanen.
2001 წლის იანვარში, 29 წლის ასაკში „ენფილდ როუდზე“ მისვლისას, ფინეთის ცხრაგზის საუკეთესო ფეხბურთელმა თანაგუნდელებზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
„იმ მომენტიდან, როდესაც იარი ლიტმანენი „მელვუდში“ დავინახე, მოჯადოვებული გავხდი. იგი ჭადრაკის დიდოსტატს ჰგავდა, სამ-ოთხ სვლას ყოველთვის წინასწარ ხედავდა“, — წერ „ლივერპულის“ ლეგენდად ქცეული კაპიტანი სტივენ ჯერარდი თავის ავტობიოგრაფიაში.
ფეხბურთის ცოდნითა და ვარჯიშისადმი თავდადებით აღფრთოვანების გარდა, იარი ლიტმანენის შესაძლებლობებით ასევე მოხიბლული იყო დიტმარ ჰამანი, რომელმაც The Athletic-ს უთხრა: „ყველაზე სწრაფი არ იყო, მაგრამ არც სჭირდებოდა. მისი დიდი ძალა იყო ხედვა და სწორი გადაცემის გაკეთების უნარი. ოსტატობითა და ტექნიკური შესაძლებლობებით იმ საუკეთესოების გვერდით დგას, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. ვარჯიშებზე, მინი-ფეხბურთში, მცირე სივრცეში რასაც აკეთებდა, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ყოველთვის მეგონა, კარგი ხედვა მქონდა, მაგრამ მას რომ შევხვდი, დავრწმუნდი, რომ კეფაზეც თვალები ჰქონდა…“
მერსისაიდში გატარებული ორი სეზონ-ნახევრის განმავლობაში ლიტმანენმა მხოლოდ 43 მატჩი ჩაატარა. მის ბოლო სეზონში „ლივერპულმა“ ინგლისის ასოციაციის თასი, ლიგის თასი და UEFA-ს თასი მოიგო, თუმცა ფინელ ლეგენდას „წითლების“ 2001 წლის ტიტულების მოპოვებაში წვლილი თითქმის არ ჰქონია.
მოგვიანებით, ლიტმანენმა ინგლისში სათამაშო დროის ნაკლებობაში „ინგლისური პოლიტიკის“ გადამწყვეტ როლზე დაიჩივლა და მიანიშნა, რომ მაიკლ ოუენი, რობი ფაულერი და ემილ ჰესკი ფავორიტიზმით სარგებლობდნენ, ის კი უცხოელობის გამო იჯდა სკამზე.
რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით „აიაქსში“ დაბრუნებისას იარი ლიტმანენმა საკუთარ ფრთებქვეშ ამჯერად ახალგაზრდა შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აიყვანა.
„ლიტმანენს ჩემზე მტკიცე მოტივაციური გავლენა ჰქონდა, ბიჭების უმეტესობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის თამაშობდა და ყველაზე მეტად უნდოდათ, რომ უფრო დიდ კლუბებში გადასულიყვნენ. ხშირად ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეტოქეების ნაცვლად ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით. იარი კი სწორ მიმართულებას მაძლევდა, პრაქტიკულად ხელით დავყავდი. მელაპარაკებოდა, მწვრთნიდა, რჩევებს მაძლევდა და უბრალოდ უკეთეს მოთამაშედ მაქცია“, — წერს „იბრაკადაბრა“ ამსტერდამულ მოგონებებში.
შემდგომ პერიოდში „მეფემ“ ოთხი ქვეყნის რამდენიმე გუნდში ითამაშა, მათ შორის - პრემიერ ლიგის „ფულემში“, 2011 წელს კი, 40 წლის ასაკში, კარიერა არაოფიციალურად დაასრულა „ჰიკ“-ში.
P.S. 2025 წლის ოქტომბერში 55 წლის ლიტმანენი ესტონური კლუბის, ტალინის „კალევის“ მესამე გუნდში ჩაირიცხა, მიმდინარე წლის ივლისში კი მატჩში შეცვლაზე შესვლისას, 20 წლის ვაჟის, კარო ლიტმანენის მხარდამხარ თამაშის საშუალება მიეცა.
როგორც ჩანს, ფეხბურთის ფინელ ფენომენს ჯერ კიდევ აქვს ახალგაზრდებისთვის გადასაცემი რჩევები, მითითებები და გასაზიარებელი გამოცდილება.

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები