მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ნეგრეირას საქმეზე, ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოებსა და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასზე მწვავე განცხადება გააკეთა.
პერესის თქმით, კლუბი ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასადგენად და არ გაჩერდება, სანამ პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან:
ჩვენ ვდგავართ მასშტაბური თაღლითობის წინაშე, რომელმაც მთელ სისტემაზე იმოქმედა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, რადგან სწორედ ჩვენი ლიგა იძლევა ევროტურნირებზე გასვლის საშუალებას. ის ფაქტი, რომ მსაჯთა იერარქიის მეორე პირი თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იღებდა თანხებს, უკიდურესად მძიმეა.
თავად ნეგრეირამ აღიარა, რომ ბარსელონას სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა. მინდა, ფაქტები გამოძიებული იყოს და შემიძლია გითხრათ, რომ არ გავჩერდები, სანამ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.
რეალის პრეზიდენტმა კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეალი ერთადერთი კლუბია, რომელმაც საქმეში ოფიციალური საჩივრით ჩაერთო და უეფა-საც მიმართა, მაშინ როცა ლა ლიგა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უმოქმედოდ არიან:
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბარსელონამ რიცხობრივი უპირატესობით 862 წუთი ითამაშა, მაშინ როცა მადრიდის რეალს უარყოფითი ბალანსი აქვს. ამასთან, VAR-ის გადამოწმების შემდეგ რეალის 42 გოლი გაუქმდა, რაც ბარსელონას ანალოგიურ მაჩვენებელზე (19) ორჯერ მეტია. მიმდინარე სეზონში 21 მსაჯია ისეთი, ვინც ნეგრეირას დროს დააწინაურეს და კიდევ ისინი გვიჩივიან ჩვენ.
ლა ლიგა სრულიად უმოქმედოა, დაკითხვებზე კითხვებიც კი არ დაუსვამთ. სიმართლის გარკვევის ნაცვლად, ტებასი ყოველდღე რეალს ესხმის თავს და ოქტომბერში ყველა ზღვარს გადავიდა, როდესაც რეალის ტელევიზია ნაციზმს შეადარა. ეს სამარცხვინო შეურაცხყოფაა და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.