საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩების წინ გუნდში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ფეხბურთელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი უკვე დაკარგულია, უნგრეთთან და უკრაინასთან დაგეგმილ შეხვედრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
მექვაბიშვილმა ხაზი გაუსვა გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებსაც და აღნიშნა, რომ ეს სხვა მოთამაშეებისთვის თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობაა:
ორ რთულ თამაშს ველოდებით. დანაკლისი დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ითამაშებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ.
ნახევარმცველის განცხადებით, საწვრთნელ პროცესში აქცენტი სწორედ იმ ხარვეზების აღმოფხვრაზე კეთდება, რამაც წინა შეხვედრებში შედეგზე იმოქმედა, გულშემატკივრის მხარდაჭერა კი გადამწყვეტი იქნება:
ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ.
საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.