ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის სათავო ოფისში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის დაარსებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
იუბილესთან დაკავშირებულ ზეიმს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ალექსანდრე მაისურაძე, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ქართული ხელბურთის განვითარების ისტორიულ ეტაპებზე ისაუბრა და ბოლოდროინდელ წარმატებებს გაუსვა ხაზი.
ვიზიტის ფარგლებში შალვა გოგოლაძემ ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ მაიკლ ვიდერერთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა საქართველოში ამ სახეობის პოპულარიზაციასა და წლევანდელი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის (Men’s 18 EHF Championship II 2026) წარმატებულ ორგანიზებაზე ისაუბრეს. ტურნირმა ევროპული ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
საიუბილეო საღამოზე განსაკუთრებული ჯილდოებიც გაიცა. სპორტის მინისტრმა ქართული ხელბურთის განვითარებაში შეტანილი განუსაზღვრელი წვლილისთვის ლეგენდარულ ხელბურთელს, ალექსანდრ ანპილოგოვს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის სპეციალური ორდენი გადასცა.
გარდა ამისა, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო მონეტები ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს გადაეცათ. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ქართული ხელბურთის განვლილ გზასა და ისტორიაზე შექმნილი საიუბილეო ფილმის პრემიერა.