საკალათბურთო ევროთასზე გიორგი შერმადინის ტენერიფემ წარმატებული სვლა განაგრძო.
ტენერიფემ ლიეტუვაში შიაულიაი 86:71 დაამარცხა. კანარელებმა ტურნირზე მეშვიდე მატჩი გამართეს და მეექვსე გამარჯვება იზეიმეს, რითაც რვაგუნდიან ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.
შეხვედრაში ტენერიფეს შემადგენლობაში ბომბარდირობა სამმა კალათბურთელმა გაიყო. გიორგი შერმადინმა, ტიჯანიმ და ჰანტერმა გუნდს 13-13 ქულა შესძინეს.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა, რომელშიც 13 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ზუსტად გამოიყენა.
მომდევნო შეხვედრას ტენერიფე 14 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატში, ანდორას წინააღმდეგ გამართავს.